ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინური კომპანიებისადმი დაწესებული ტექნოლოგიური სანქციების ფონზე, Huawei კვლევასა და განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო – 2021 წელს, კომპანიამ R&D-სთვის $22.1 მილიარდი გამოყო, რაც Huawei-ის წლიური გაყიდვების 22.4%-ს უდრის. Bloomberg-ის დათვლებით, Huawei-ის ამგვარი ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში, პროპორციულად, Amazon-ისა და Alphabet-ის ანალოგიურ დანახარჯებს თითქმის ორჯერ, ხოლო Apple-ისას სამჯერ აღემატება – FAANG-კომპანიებიდან, Huawei-სთან ახლოს, მხოლოდ Meta დგას, რომელიც კვლევასა და განვითარებაში საკუთარი შემოსავლის 20.9%-ს აბანდებს.
ჩინეთის მთავარი ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ის ამგვარ მიდგომას მარტივი მიზეზი აქვს – აშშ-ის მიერ დაწესებული ტექნოლოგიური სანქციები, რომლებიც აშშ-მ ჯერ კიდევ 2019 წელს დააწესა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის ბრალდებით. 2021 წელს, მძლავრ სანქციებს Huawei-ს შემოსავლების მესამედი ემსხვერპლა და სწორედ ამან უბიძგა ჩინური გიგანტს, მიკროჩიპების, საკომუნიკაციო დანადგარებისა და სმარტფონების წარმოება ამერიკული ტექნოლოგიისგან სრულად დამოუკიდებლად დაიწყოს.
„Huawei-ის ჭეშმარიტი ღირებულება იმ შესაძლებლობებშია, რომლებიც კვლევებში მუდმივად განხორციელებული ინვესტიციების წყალობით მივიღეთ“, – განაცხადა Huawei-ის დამფუძნებლის, რენ ჭანგფეის უფროსმა ქალიშვილმა, მენგ უანჭოუმ. „კვლევასა და განვითარებაში ჩვენი ყოველწლიური შემოსავლის სულ მცირე 10%-ის დაბანდება – ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონია“.
აღსანიშნავია, რომ Huawei ერთ-ერთია იმ ექვსი კომპანიიდან, რომლებმაც გასულ წელს კვლევასა და განვითარებაში $20 მილიარდზე მეტის მოცულობის ინვესტიცია დააბანდეს – ამდენივე დააბანდა Microsoft-მა, $1 მილიარდით მეტი დააბანდა Apple-მა, ხოლო $2.5 მილიარდით მეტი – Meta-მ. საინტერესოა, რომ ამგვარი მიდგომა ამართლებს – გასულ წელს, Huawei-მ 2770 ამერიკული პატენტი მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ დეპარტამენტში, აბსოლუტური მოცულობით ყველაზე მეტ თანხას Amazon-ი და Alphabet-ი აბანდებენ – Amazon-ი – $56 მილიარდს, ხოლო Alphabet-ი – $31.6 მილიარდს. რაც შეეხება SuperTech-ის ინდექსს, რომელშიც 15 კომპანია შედის, მისი მედიანური მაჩვენებელი $2.9 მილიარდს უდრის.
დატოვე კომენტარი