ამერიკულმა ვისკის მწარმოებლებმა ევროკავშირის ტარიფების გამო დაახლოებით $340 მლნ იზარალეს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამის მიზეზი CNN-ის ცნობით, ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის არსებული სავაჭრო დავაა.
ბურბონის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მესამედით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივნისში 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა ევროპაში ამერიკული ვისკის იმპორტზე.
“ტარიფებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ამერიკული ექსპორტის წარმატების ისტორია“, – აღნიშნა აშშ-ის სპირტიანი სასმელების საბჭოს ხელმძღვანელმა კრის სუონგერმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ტარიფები 2018 წელს $3 მილიარდის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე დააწესა, მათ შორის იყო ვისკი, მოტოციკლები და ბამბის ქსოვილი. ეს იყო პასუხი ამერიკულ ტარიფებზე, რაც ვაშინგტონმა ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დააწესა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში.
“დროა აშშ-მა და ევროკავშირმა გადაჭრან სავაჭრო საკითხები და გააუქმონ ტარიფები სპირტიან სასმელებზე. ამით ამერიკელი და ევროპელი მწარმოებლები შეძლებენ დაიწყონ კვლავ ბიზნესის ზრდა და ამით ხელი შეუწყონ ადგილობრივი ეკონომიკების განვითარებას“, – განაცხადა სუონგერმა.
დატოვე კომენტარი