"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში

"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში

METRO HOLDINGის დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის ანგარიშზე საქართველოში 3 000-მდე დასაქმებული და $0,5 მილიარდის ოდენობის ინვესტიციაა. თურქი ბიზნესმენი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებზე მოდის. METRO HOLDING-ი ამჟამად აჭარაში შვილობილი საინვესტიციო კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” სახითაა წარმოდგენილი. Forbes Georgia ოზთურქს ექსკლუზიურად ესაუბრა მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე.

“მეტრო ატლას ჯორჯიასაქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. თქვენ, როგორც ერთერთ მსხვილ ინვესტორს საქართველოში, საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ აქ ბიზნესსაქმიანობის კუთხით. თქვენი აზრით, როგორი  ბიზნესგარემოა საქართველოში და სად გვჭირდება დახმარება?

რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ – დემოკრატიაა. მიმყოლია ქართველი ხალხი, ეს პანდემიის პერიოდშიც კარგად გამოჩნდა. სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში რამდენად კარგი რაღაცების კეთება შეგვიძლია, ეს ყველამ ერთად ვნახეთ. ვფიქრობ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, თუმცა უფრო მეტი სიახლე უნდა დავნერგოთ. ვხედავთ, რომ ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება. ყველაზე დიდი მნიშვნელობა რასაც უნდა მივანიჭოთ, ეს არის სამასპინძლო ბიზნესი – ტურიზმი ხომ წარმოებაა კვამლის გარეშე. პანდემიის პერიოდშიც ვნახეთ, რომ ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გაკვეთილის შემდეგ უფრო გაღიმებული სახით და მეტი  სიფრთხილით რომ მოვეკიდებით ჩამოსულ ტურისტებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამ მხრივ განათლების კუთხით პრობლემა გვქონდა. მაგრამ ესეც ვითარდება. “რა უნდა გამოვასწოროთ“–ის ნაცვლად თუ დავსვამთ კითხვას, „რას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ“, ვიტყოდი, რომ ისევ ტურიზმს უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა. და უცხოური ინვესტიციების ამ მიმართულებით შემოდინებისთვის ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

ამას გარდა, საბაზრო კაპიტალის გასავითარებლად სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი, უცხოეთის მაგალითებს თუ განვიხილავთ, კაპიტალის ბაზრის ავტონომიურობა გამართლებულია. ინვესტიციების განხორციელების მიზნით  რომელიმე საბროკერო კომპანიას რომ დაუკავშირდე, გადაგამისამართებენ ლონდონის ან ამერიკის რომელიმე საფონდო ბირჟაზე. როგორ შემოვიტანოთ ფული და როგორ გავზარდოთ ინვესტიციები საქართველოში, ამ კუთხით მე და ჩემი მსგავსი უცხოელი ბიზნესმენები ვმუშაობთ. კაპიტალის ბაზრის განვითარებით, ის საერთაშორისო ინდექსები უნდა გავამართლოთ, რაშიც საქართველოს ბიზნესის კეთების თავისუფლების კუთხით უკავია პოზიციები.

საქართველოს საფონდო ბირჟა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას რომ დაიწყებს, შესაბამისი ნაბიჯები რომ იქნება გადადგმული კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, ამ ინსტრუმენტებით შემოსული ინვესტიციები უკვე ფულად რომ იქცევა, მშპ-ი ქვეყანაში სამჯერ უნდა გაიზარდოს. 

ბევრი ამბობს, რომ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება…

მართალს ამბობენ… ჩვენ ისეთი ნიადაგი უნდა მოვამზადოთ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მსოფლიო მასშტაბით შეეძლოთ გასვლა. თუმცა ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, როდესაც უნივერსიტეტდამთავრებული 1000–ლარიანის ნაცვლად, 4000–ლარიან სამსახურს დაიწყებს. ხოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში „ცხელი ფული“ შემოვიდეს, ტურიზმი და საფინანსო სექტორი, კაპიტალ-ბაზრები უნდა განვითარდეს. ყველა შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს დავაფიქსიროთ. ამისთვის ნიადაგი შექმნილია, გამოცდილება არის. ამას ტემპი შესაძლოა შემატოს ეკონომიკის მინისტრის გამოსვლამ, მაგალითად, სლოგანით „500 კომპანია საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ – ეს შეიძლება იყოს საარჩევნო სლოგანიც (იღიმის). აქ ბარიერებს ვერ ვხედავთ. არსებული კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავიტანოთ საფონდო ბირჟაზე კომპანია, ჩვენი სასტუმრო „ეიფორიას“ დალისტვა მოხდება საფონდო ბირჟაზე, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ამ ყველაფრის დაჩქარება შეიძლება.

პანდემიაზეც გკითხავთ. ამ კრიზისმა ბევრი ახალი შესაძლებლობა გააჩინა. თქვენ რა ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეთ? გაგიჩნდათ თუ არა ახალი იდეები?

შესაძლებლობები გაჩნდა, დიახ, ჩვენს მზარდ ტრენდს ახალი ფურცელი შეემატა. მწვანე ზონად გამოცხადდა ქვეყანა მთავრობის კარგი მართვის შედეგად. 6 წლის წინ საქართველოში რომ ჩამოვედი, ვამბობდი, რომ საქართველო არის კავკასიის შვეიცარია. მას შემდეგ ვითარდება ქვეყანა, მეტი შანსი გვაქვს და საჭიროა მხოლოდ გვწამდეს ამის და ამ რწმენით უნდა ვიმუშაოთ.

პანდემიიდან გამომდინარე, მეც გამიჩნდა ახალი იდეები, მაგალითად, მე–18 სართულზეც კი ბოსტანი გავაშენეთ – კიტრი, პომიდორი, მწვანილი მოვიყვანეთ. აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, ბრინჯი მოვიყვანო საქართველოში. ეკონომიკის სამინისტროს ვესაუბრებით ამ საკითხზე. ზუგდიდში არის საშრობი საწარმო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე იყო და გადაეცა ეკონომიკას. ამის ამოქმედებას და თავიდან ექსპლუატაციაში გაშვებას ვაპირებთ. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 15 000 ტონა ბრინჯის იმპორტი ხორციელდება, რატომ არ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ეს პროდუქცია ჩვენ თავადვე? ეკონომიკის სამინისტროსთან და პროექტთან „აწარმოე საქართველოში“ მოლაპარაკებები გვაქვს და იმედია, ძალიან მალე დასრულდება. პანდემიის მიზეზით სოფლის მეურნეობაში ჩვენი ინვესტიციაც გამოიკვეთება. ბრინჯის წარმოებაში ჩვენი ინვესტიციების მოცულობა 12 მილიონი ლარი იქნება, თუმცა შეიძლება გაიზარდოს. ამ მიმართულებით 100%-ით უცხოეთზე ვართ დამოკიდებული, თურქეთსა და უკრაინაში თუ მოჰყავთ, საქართველოში რატომ არ უნდა მოვიყვანოთ. თვითკმარი საქართველოსთვის ყველა ხვრელები უნდა ამოვავსოთ.

მიმდინარე წლის დასაწყისში თქვენმა და ასევე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილმა შპს “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებიშეიძინა სადაზღვევ კომპანია “კამარა“. რა გეგმები გაქვთ სადაზღვევო ბიზნესში?

ჩვენი ჯგუფის ძირითადი საქმიანობა სადაზღვევო მიმართულება არ არის, მაგრამ თურქეთიდან მეგობრებმა შეგვატყობინეს, რომ ასეთი კომპანია იყიდებოდა. რადგან ჩვენი მიმართულება სადაზღვევო ბიზნესი არ არის, გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგებოდა, გაუძღვებოდა და განავითარებდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს კომპანია დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გვეყიდა. წარუმატებლობა არ გვიყვარს, ქვეყანაში სულ 17 სადაზღვევო კომპანიაა, და „კამარა“ მე–17 ადგილზე იმყოფება.  ასეთი კომპანია ვიყიდეთ. ბატონ დიმიტრისთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით, ვგეგმავთ, რომ პირველ სამ წელიწადში პირველ ხუთეულში მოვიაზრებოდეთ.

დიმიტრი ქუმსიშვილს ვიცნობ სახელმწიფო მოხელეობის პერიოდიდან, ვიცნობ მის მიერ გაწეულ სამსახურს, ჩვენ მასთან ერთად არ ვაპირებთ სადაზღვევო ბიზნესზე გაჩერებას, სხვა მიმართულებებზეც ვაპირებთ მასთან ერთად მუშაობს. ჯერ კარგად ვერგანვითარებული კაპიტალ-ბაზრის განვითარებასაც ვაპირებთ და აქაც ქუმსიშვილის ჩართვას ვგეგმავთ. ეს იქნება ახალი ნაბიჯები. ვაპირებთ საბროკერო კომპანიის ყიდვას და თურქეთის გამოცდილების გადმოტანას. ჯერ არ არის შესყიდვის ოპერაციები დასრულებული და ვერ გავაჟღერებ მის სახელს, თუმცა ამ თვეში ეს დასრულდება და გაგაგებინებთ.

სასტუმრო “ინტურისტის” 50%-იანი წილი თქვენმა კომპანიამ 2015 წელს შეისყიდა. მოგვიანებით 100%-ივეს მფლობელი გახდით. რა შეცვალეთ ამ ისტორიულ სასტუმროში?

ვერაფერი ვერ შევცვალეთ, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რის გამოც ერთ ლურსმანსაც ვერ შეცვლი. ჩვენ ველოდებით ნებართვას იმისთვის, რომ მცირედი ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა ბევრი არაფრის შეცვლა გვინდა – მაგალითად ვაპირებთ, რომ შევღებოთ.

ბათუმის კიდევ ერთი მსგავსი ისტორიული შენობაა ძველი აფთიაქის შენობა, რომელიც ქალაქის “განგრენად“ იქცა. ეს შენობაც შევისყიდეთ 5-6 თვის წინ. ჩვენ მისი იერსახის შენარჩუნებას ვაპირებთ. შენობაში განვათავსებთ კაფეს, მაღაზიას, 49–ნომრიან სასტუმროს და სამორინე–კაზინოს. ისეთი იქნება ეს პროექტი, ქალაქის ცენტრს რომ შეეფერება. ყველაფერი შეთანხმებულია, მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსგან ველოდებით საბოლოო დასტურს.

“მეტრო სითი“, “ინტურისტი“, სატრანსპორტო ბიზნესი, და ა.შ. გამორჩეული პროექტები რომ დაგვისახელოთ საქართველოში, რომლებითაც ამაყობთ

ყველა პროექტი ჩემთვის ძალიან ღირსეულია, მაგრამ კლიენტი რომ მოვიდეს და, მაგალითად, ამ ჩემი სახლის მიყიდვა მთხოვოს, 6 საათში დავუცლი მას, ისე რომ არაფერსაც არ წავიღებ. ასე რომ, “ინტურისტის“ გარდა ყველაფერი გასაყიდია, “ინტურისტი“ საქართველოსია. სხვა პროექტები დამატებითი ღირებულების შესაქმნელად დაწყებული პროექტებია.

თურქეთსაქართველოს ეკონომიკურ კავშირებზეც რომ ვისაუბროთ, რა პოტენციალი აქვს ამ ორ ქვეყანას, რისი ათვისება შეიძლება?

აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს – ამ სამი ქვეყნის ურთიერთობას – საერთო ჭრილში განვიხილავ. საქართველოს ევროპული მართვის საბაჟო სისტემა აქვს. წარმოების კუთხით თურქული წარმოების საქართველოში გადმოტანა შეიძლება. თურქეთიდან შემოსულ ინვესტორებს ვუხსნი, ჩინეთსა და საქართველოში წარმოებას შორის და თურქეთსა და საქართველოში წარმოებას შორის განსხვავებებს და ამ მხრივ საქართველოს პლუსებს ვაჩვენებ. მე ვურჩევ ინვესტორებს, საქართველოზე შეაჩერონ არჩევანი, უფრო ხელსაყრელია. საქართველოს მთავრობის პოლიტიკაც ამ მხრივ ღიაა, ძალიან კარგად მუშაობს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება. ახალგაზრდა, დინამიკის მქონე საქართველოს ვხედავ მომავალში. თითქმის ყველა საერთაშორისო ინდექსში, თურქეთთან შედარებით, ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ნამცხვრისგან იმ წილს ვერ ვიღებთ, რაც უნდა მივიღოთ.

საქართველომ რა შეიძლება ისწავლოს თურქეთისგან?

მშენებლობა რომ დავიწყეთ, ძირითადად თურქეთიდან ჩამოგვყავდა ყველა დასაქმებული, შემდეგ მხოლოდ მშენებლობის ხელმძღვანელების ჩამოყვანა დავიწყეთ, შემდეგ კი მხოლოდ ინჟინრების. ანუ თურქული გამოცდილების გამოყენება შეიძლება. ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება თურქეთისგან.

თქვენ 2015 წლიდან ხართ საქართველოს მოქალაქე, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს მოქალაქეობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. ადრე ვამბობდი, რომ საქართველო კავკასიის შვეიცარიაა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შვეიცარიაზე უფრო მეტი შანსი გვაქვს. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები ჰგავს ერთმანეთს. საქართველო არის აღმოსავლეთის დასავლეთი. ხოლო თუ შავ ზღვას წარმოვიდგენთ, როგორც ბეჭედს, საქართველო არის ბეჭდის თვალი. საბერძნეთში, ბულგარეთში, ასევე გერმანიაში მცირე ინვესტიციები გვაქვს, თუმცა აქ ვცხოვრობ, საქართველო მიყვარს. ვფიქრობ, რომ ბევრი გამოცდილების გაზიარება შემიძლია. ადრე მეზობელ ქვეყანაში ვიყავი, ახლა ჩემს ქვეყანაში ვარ, მოქალაქეობა მივიღე. ქართულ დროშებს სიამაყით ვაფრიალებ.

რამდენიმე წყარო თურქულ მედიაში გალიფ ოზთურქს მილიარდერად მოიხსენიებს, თუმცა უცნობია, ზუსტად რა მოცულობის ქონებას ფლობთ. საინტერესო იქნებოდა ამაზე თქვენი პასუხი…

მშრომელი და მებრძოლი ვარ. ნულიდან დავიწყე, ახლა, მაგალითად, მე-18 სართულზე წიწაკა და სხვა ბოსტნეული მოვიყვანე. არსებული პირობებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. საქართველო მიყვარს, ბუნება მიყვარს. მილიარდებთან საქმე არ მაქვს.

როგორც ინტერნეტწყაროებში ამოვიკითხე, თქვენ ცხრა შვილი გყავთ. არის თუ არა რომელიმე ჩართული თქვენთან ერთად საქართველოში ბიზნესსაქმიანობაში?

თურქეთში ცხრა შვილი მყავს, ყველა მათგანი მუშაობს, თუმცა – თურქეთში. უმცროსი 12 წლისაა, უფროსი 34 წლის. 12 წლის შვილიც მუშაობს, კვერცხსა და ბოსტნეულს ყიდის. ისიც ბიზნესშია. ისინი ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიების მართვაში მეხმარებიან. რაც დრო გადის, მით უფრო კარგად ეუფლებიან სამუშაოს. ახალგაზრდული ენერგია აქვთ. ზოგი ტურისტულ, ზოგი ფინანსურ სექტორშია. ყველა მუშაობს.

2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თქვენ პრობლემები გქონდათ. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ თურქეთის მთავრობასთან?

სამხედრო გადატრიალების მცდელობა ვისაც ჰქონდა, მათთან მაქვს პრობლემა. თურქეთის მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ერთი მსოფლმხედველობა და ერთი მიმართულება გვაქვს. წარსულზე არ ვფიქრობ, უფრო მომავალზე ვარ ორიენტირებული. შრომის გარდა არაფერი მაინტერესებს.

თქვენ რამდენიმე თვის წინ “StopCoV ფონდში” 500 000 ლარი ჩარიცხეთ და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1 მლნ ლარის სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები საჩუქრად გადაეცით. თქვენი საქველმოქმედო საქმიანობა ადრეც გვახსოვს. რატომ არის მსგავსი ნაბიჯები მნიშვნელოვანი თქვენთვის და ზოგადად ბიზნესმენისთვის?

ვფიქრობ, აუცილებლია, ყველამ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა. პანდემიის პერიოდშიც გამოჩნდა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. პანდემიამ გაგვაერთიანა. საკუთარი თავში ჩახედვის შესაძლებლობა მოგვცა. მჯერა საქართველოსი.

თქვენ ამბობთ, რომ თქვენს სიცოცხლეში გსურთ, მინიმუმ, 100 სკოლა ააშენოთ, მერამდენეზე ხართ გაჩერებული და აქვე გკითხავთ ბათუმში აშენებულ სკოლაზეც, რომელსაც აკრედიტაცია ამ დრომდე არა აქვს..

40-ზე მეტი სკოლა მაქვს ალბათ უკვე აშენებული. საქართველოში მიზნად მქონდა, გამეხსნა ტურისტული პროფესიული სასწავლებელი, რომელიც უნდა ყოფილიყო. მინდოდა, რომ ამ სკოლის აშენებით ტურიზმისთვის დამეჭირა მხარი. თუმცა შემდეგ სტატუსის პრობლემა შეიქმნა, რომელიც დღემდე არაა მოგვარებული და ეს ძალიან მაწუხებს. შესაბამისად, ქართველ მოსწავლეებს ვერ იღებს. ეს იყო საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით აშენებული სკოლა. ახლა იქ 350 თურქი მოსწავლე სწავლობს. თურქეთისა და საქართველოს განათლების სამინისტრო უნდა შეთანხმდნენ მის სტატუსზე. თურქული ოჯახებისთვისაც არის ამის საჭიროება, მაგრამ მე ამ სკოლას უფრო ვხედავდი ტურიზმის მიმართულებით სასწავლო დაწესებულებას. ვაპირებდით თურქეთიდან ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების ჩამოყვანას. ჩვენ ახლა ოპერირებას მას არ ვუწევთ. ახლა თურქეთის საელჩო კურირებს ოპერირების საკითხს. იმედია, მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას.

დაბოლოს, გეგმებზე რომ გადავიდეთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებისა, რა არის თქვენი გეგმები საქართველოში?

ერთ-ერთი ჩვენი სამომავლო პროექტია გოდერძის სასტუმროს პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს და მთავრდება. იმედია, რომ ამ ზამთრის სეზონზე სასტუმრო გაიხსნება.

ამასთან, თბილისში ორ პროექტზე ვმუშაობთ, კორონავირუსის გამო, ცოტა გადაგვივადდა, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი პროექტის გამჟღავნება შეგვიძლია. ეს არის ასევე სასტუმროს პროექტი, რომელიც ორთაჭალაში აშენდება. ეს იქნება 909-ნომრიანი სასტუმრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენივე რეკორდს მოვხსნით და საქართველოში ყველაზე დიდ სასტუმროს გავხსნით.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *