უახლესი ანგარიშის თანახმად, თუ ქმედითი ზომები არ იქნა გატარებული, 2035 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სიმსუქნე ან ჭარბი წონა შეაწუხებს. ამის შესახებ ანგარიში World Obesity Federation-მა გამოაქვეყნა.
დღესდღეობით, პლანეტის მოსახლეობის 38%, ანუ დაახლოებით 2.6 მილიარდი ადამიანი უკვე დგას ზემოხსენებული პრობლემის წინაშე. ახალი ანგარიშის თანახმად კი, უმოქმედობის შედეგად, შესაძლოა სულ რამდენიმე წელიწადში მაჩვენებელმა 51%-ს მიაღწიოს.
საინტერესოა, რომ პრობლემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იჩენს თავს ბავშვებში, ასევე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებიც სიმსუქნით გამოწვეულ დაავადებებთან გასამკლავებლად ნაკლებად არიან მზად.
ცნობისთვის, მოხსენებები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ბავშვთა შორის სიმსუქნის მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემთან, 383 მილიონთან შედარებით, 2035 წელს შესაძლოა, გაორმაგდეს.
WOF-ის პრეზიდენტი მთავრობებსა და ზემოხსენებულ საკითხზე მომუშავე პირებს, სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდებს.