აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებასთან დაკავშირებული ორი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამავე საზოგადოების მაღალი რანგის წყაროები იუწყებიან, რომ პენტაგონი არამიწიერი წარმოშობის საფრენი ხომალდების ნარჩენ მასალებს ფლობს. წყაროების ცნობით, პენტაგონი ინფორმაციას აშშ-ის კონგრესსაც უმალავს, რათა საზოგადოებას არამიწიერი ქმნილებების არსებობის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად არ მიაწოდოს.
ინფორმაციას ონლაინგამოცემა Debrief-ში ჟურნალისტები ლესლი კინი და რალფ ბლუმენტალი ავრცელებენ. ცნობისათვის, სწორედ აღნიშნულმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია გარკვეული პერიოდის წინ New York Times-ს პენტაგონის UFO საიდუმლო პროგრამის არსებობის შესახებაც, რაც შემდეგ ოფიციალურადაც დადასტურდა. სწორედ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოითხოვა სენატმა პენტაგონისაგან აღნიშნული საიდუმლო პროგრამის შესახებ ცნობების მიწოდება.
რაც შეეხება მაღალი რანგის სადაზვერვო საზოგადოების წყაროებს, ერთი მათგანი დევიდ გრუში, ვეტერანი და ეროვნული გეოსივრცითი-სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი გახლავთ, რომელიც აუხსნელ ანომალიურ ფენომენებს (UAP) აანალიზებდა. მეორე წყარო კი ჯონათან გრეი, საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის ეროვნული ცენტრის ამჟამინდელი თანამშრომელი გახლავთ.
დევიდ გრუშის მტკიცებით, აშშ-ის მთავრობა და მისი სამხედრო კონტრაქტორები უკვე ათამდე წელია, არამიწიერი წარმოშობის საფრენი აპარატის ნაწილებსა და შესაძლოა მთლიან ხომალდსაც ფლობენ.