Anouki-მ საბავშვო ხაზი Nicolas-ი შექმნა. Nicolas-ი სამი თვიდან სამ წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ კოლექციას აერთიანებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამომავლოდ მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვისაც გეგმავენ მოდელების შექმნას. წელიწადში ორი კოლექცია გამოვა: შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის. პირველი კოლექცია კი 1 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც დიზაინერ ანუკი არეშიძის ბრენდის Anouki-ის PR-ისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ბექა გვიშიანმა Forbes Georgia-ს განუცხადა, საბავშვო ხაზის შექმნის იდეა კომპანიაში გასულ წელს გაჩნდა.
„ანუკის დიდი ხანია უნდოდა საბავშვო ხაზის შექმნა. მას შემდეგ, რაც წარმოების გაფართოებამ უფრო მეტი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა მოგვცა და ქალის ტანსაცმლისგარდა, ადგილი სხვა პროდუქციისათვისაც გამოთავისუფლდა, ცალკე კოლექცია შევქმენით – საბავშვო ხაზი, რომელიც დამოუკიდებელი ხაზი და ბრენდია“, – აღნიშნა ბექა გვიშიანმა.
მისივე თქმით, Nicolas-ის უპირატესობა ქსოვილების მაღალი ხარისხია, რომელიც სპეციალურად საფრანგეთის, ესპანეთისა და იაპონიის ქარხნებიდან ჩამოაქვთ.
“ყველაფერი მზადდება საქართველოში, თუმცა ქსოვილები შეირჩა სპეციალურად იმ ქარხნებში, რომლებიც ბუნებრივ და მაქსიმალურად კომფორტულ ქსოვილებს აწარმოებენ. რაც შეეხება ფასს, 50 ლარიდან იწყება აქსესუარების ფასი, კაბები, პერანგები 90-250 ლარამდე ღირს. ფეხსაცმელი კი 290 ლარი ღირს. ჩვენი პრიორიტეტი ქსოვილები და ხარისხია. ჩვენი ფასებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს“, – აღნიშნა Anouki-ის PR-ისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.
Nicolas-ის საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები თავდაპირველად ონლაინ გაიყიდება, შემოდგომის მიწურულს კი კომპანია თბილისში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
დატოვე კომენტარი