ანტი-UBER

ანტი-UBER
მაშინ როცა მგზავრობის გაზიარების მსოფლიოში წამყვანი ბიზნესი მილიარდობით დოლარს ხარჯავდა გლობალური დომინირების მოსაპოვებლად, მარკუს ვილიგი იმით იყო დაკავებული, რომ BOLT-ით საპირისპირო ეკეთებინა. მცირე ბიუჯეტზე მუშაობითა და აფრიკა-ევროპის მიერ უგულებელყოფილ ბაზრებზე ფოკუსირებით მან $8.4 მილიარდის ოპერაცია და $700 მილიონის ქონება შექმნა.

იარაღმა დაარწმუნა მარკუს ვილიგი, რომ ის არასწორ საქმეში იყო. 2015 წელი იდგა და Bolt-ის მაშინ 21 წლის დამფუძნებელი იმყოფებოდა ბელგრადში, სერბეთში, სადაც ადგილობრივ ტაქსების ბოსს მძღოლებისთვის ციფრული დისპეტჩერის სახით თავისი აპლიკაციის გამოყენებაში არწმუნებდა. უფროსის მაგიდაზე შემთხვევით დატოვებულმა რევოლვერმა მკაფიო მესიჯი გაგზავნა: ესენი იყვნენ უხეში მომხმარებლები სასტიკ ბიზნესში. ვილიგი, რომელმაც ორი წლით ადრე დააარსა Bolt-ი თავის უფროს ძმასთან, მარტინთან ერთად, უცებ დარწმუნდა, რომ მათთან არანაირი საქმის დაჭერა არ სურდა. „ეს არ იყო ის ხალხი, ვისთანაც ბიზნესის კეთება უნდა გეცადათ“, – იხსენებს ის.

ტრადიციულ ტაქსის კომპანიებთან მუშაობის ნაცვლად, ვილიგმა უშუალოდ მძღოლებსა და მგზავრებზე გადართვა გადაწყვიტა. ამ გზით, ესტონეთში დაფუძნებულმა Bolt-მა, რომელსაც მხოლოდ $2 მილიონის დაფინანსება ჰქონდა, პირდაპირი კონკურენცია გაუწია Uber-ს, რომელმაც ერთი წლით ადრე $17 მილიარდის შეფასებით $1.2 მილიარდი შეაგროვა. ეს საშიში იყო, მაგრამ ნაკლებად საშიში, ვიდრე იარაღის მხარეს ანუ არასწორ მხარეს ყოფნაა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვილიგს ჰქონდა Uber-ის დაფინანსების მხოლოდ 0.01%, აშკარა იყო, რომ მას სრულიად განსხვავებული თამაშის წესები სჭირდებოდა. პირველ რიგში, სიძუნწე ხარჯებთან დაკავშირებით. და განვითარებულ ბაზრებზე Uberთან ძიძგილაობის ნაცვლად, Bolt-მა ისეთ ქვეყნებზე კონცენტრაცია დაიწყო, როგორიცაა პოლონეთი, სადაც თავდაპირველად კონკურენცია მცირე იყო ან საერთოდ არ არსებობდა.

ეს დამქანცველი გახლდათ. 2015-დან 2019 წლამდე ვილიგმა Bolt-ი $730,000-იანი შემოსავლიდან $142 მილიონამდე გაათრია. მას არ შეეძლო დიდი ზარალის ატანა, ამიტომ კომპანია ხარჯების დაფარვის ზღვარზე ფუნქციონირებდა. ამის საპირისპიროდ, Uber-მა დაწვა $19.8 მილიარდი, თითქმის $6,3 მილიონი დღეში, სანამ ის 2019 წელს საჯარო გახდებოდა.

ვილიგის ეკონომიურმა მიდგომამ შედეგი გამოიღო. ახლა ბიზნესს 3 მილიონზე მეტი მძღოლი ჰყავს. Bolt-მა, რომელიც 45 ქვეყანაში მუშაობს, 2021 წელს $570 მილიონის შემოსავალი გამოიმუშავა. 2022 წლის იანვარში, ფონდების მოზიდვის ბოლო რაუნდისთვის, კომპანია $8.4 მილიარდად იყო შეფასებული; სტარტაპების ღირებულება მას შემდეგ დაეცა და 29 წლის ვილიგის 17%-იანი წილი, Forbes-ის შეფასებით, ამჟამად $700 მილიონი ღირს.

ზოგჯერ მარტინს, რომელიც მარკუსზე 15 წლით უფროსია და ესტონეთის სტარტაპ-სცენის ვეტერანია, ხელფასების გადასახდელად დანაზოგის დახარჯვა უხდებოდა. მაგრამ Bolt-ი ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ ხრიკებს, როგორიცაა მძღოლების დაქირავება Facebook-ის მეშვეობით, მოჩვენებითი სარეკლამო კამპანიების ნაცვლად, ესტონელი კოდერების დაქირავება Bay Area-სთან შედარებით მიზერულ ფასად, და ესტონეთის დედაქალაქ ტალინის იაფ ბინებში მუშაობა. Bolt-ის ანაზღაურება იყო მგზავრობის საფასურის 15% და კომპანიამ ამით არსებობა ისწავლა. „ინვესტორები გაჭედილები იყვნენ იმ მიდგომაში, რომ ეს იყო „გამარჯვებულს-მიაქვს-ყველაფერი პრინციპის ბაზარი“, – ამბობს მარკუს ვილიგი.

როდესაც ადგილობრივმა მხარდამჭერებმა მას მოუწოდეს, მიჰყოლოდა სხვა ევროპულ სტარტაპებს აშშ- -ის ბაზარზე შეღწევის მცდელობაში, ვილიგმა სამხრეთ აფრიკაში დაიწყო მუშაობა და მთელი ადგილობრივი პერსონალი Skype-ის (ესტონეთის მოწინავე ტექნიკური უნიკორნის) საშუალებით დაიქირავა. მის ბევრ სამხრეთაფრიკელ მძღოლს და მათ კლიენტებს საკრედიტო ბარათები ან საბანკო ანგარიშები არ ჰქონდათ, ამიტომ ის სწრაფად აკონტროლებდა ნაღდ ანგარიშსწორებას. აფრიკის ქვეყნებიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის სამხრეთ აფრიკიდან, ნიგერიიდან და განიდან, ახლა Bolt-ის ბიზნესის მესამედს შეადგენს.

წლების განმავლობაში მცირე ბიუჯეტით მუშაობის შემდეგ, ვილიგმა საბოლოოდ იპოვა მხარდაჭერა ჩინეთის სამგზავრო გიგანტ Didi-სა და Mercedes-Benz-ის მხრიდან, სანამ Sequoia Capital-ი და Fidelity $1,4 მილიარდის ინვესტიციას მოახდენდნენ ორ რაუნდში, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის იანვრამდე.

ვილიგს ახლა აქვს ფული და მანდატი, რათა Bolt-ის ზრდა დააჩქაროს, მაგრამ ის ფრთხილად უნდა იყოს, Uber-ის მსგავს ხაფანგში რომ არ მოხვდეს. 2021 წელს, Uber-ის მსგავსი საწარმოს დაფინანსების მოზიდვისას, Bolt-მა ასევე გამოაქვეყნა Uber-ის მსგავსი ზარალი $622 მილიონის ოდენობით. ამის ნახევარი მოხმარდა პანდემიის ეპოქის სესხის დაფარვას, მაგრამ ასევე იყო მგზავრებისთვისა და მძღოლებისთვის დაწესებული ძვირად ღირებული ფასდაკლებები. გარდა ამისა, ვილიგმა დახარჯა დრო და ფული მუდმივ ძალისხმევაზე Bolt-ის „სუპერაპლიკაციის“ შესაქმნელად, რომელიც სკუტერებისა და მანქანების გაქირავებას, ასევე საკვებისა და სურსათის მიწოდებას ემსახურება.

რიცხვები ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია, მაგრამ Bolt-ი ამბობს, რომ მან მატერიალურად შეამცირა ზარალი 2022 წელს და ვილიგი ამტკიცებს, რომ ამ წლის ბოლოსთვის ნორმალურ დონეს დაუბრუნდება. „ჩვენ გამოვდივართ ქალაქების მშენებლობის ინტენსიური ხუთწლიანი საინვესტიციო პერიოდიდან და ახლა აღარ გვჭირდება მათში ინვესტიციის ჩადება“, – ამბობს ის.

სულ მცირე, ერთი პრობლემა, რომელიც მან თავიდან აიცილა, ამერიკელი დამფუძნებლების უაზრო ხარჯვის ტენდენციაა. სანამ ზოგიერთი ვენჩურული კაპიტალისტი ცდილობს, საკუთარი სტარტაპები კერძო თვითმფრინავების გამოყენებით მართოს, Bolt-ის ინვესტორები ვილიგის ეკონომიურობით ტრაბახობენ. Bolt-ი არ გასცემს საკრედიტო ბარათებს, ტელეფონებს ან სხვა კორპორაციულ სიკეთეებს თავის თანამშრომლებისთვის, თავად ვილიგი კი 2019 წლამდე კოლეგასთან იყოფდა ოთახს, მოგზაურობისას სასტუმროს ხარჯების დასაზოგად.

ერთ-ერთმა ადრეულმა ინვესტორმა ახლახან შენიშნა იგი ევროპის ბიუჯეტურ ავიაკომპანია Ryanair-ის შუა სავარძელზე. როგორც ჩანს, 6 ფუტი და 4 ინჩის სიმაღლის ვილიგმა უარი თქვა გასასვლელი რიგისთვის $14-იან აპგრეიდზე. „ჩვენ პირველივე დღიდან უკიდურესად ეკონომიურები ვიყავით, რადგან ფული არ გვქონდა, – ამბობს ის. – ახლა Bolt-ი 4000 ადამიანისგან შედგება. ისინი აკონტროლებენ იმას, თუ რას ხარჯავენ ყოველდღე და ეს ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა“.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაფერთხა სამსახურები ბოლო თვეების განმავლობაში, ვილიგი ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებებს არ გეგმავს. ხელფასების ნებაყოფლობითი შემცირებისა და სამთავრობო გრანტების ერთობლიობამ, პანდემიის დროს შემოსავლის 80%- იანი ვარდნის მიუხედავად, Bolt-ის მუშაკები ყველაზე უარესს გადაარჩინა. „როდესაც გახსნა დაიწყო, ჩვენ მთელი გუნდი ადგილზე გვყავდა“, – ამბობს ის.

Uber-ის უხეში ძალის ტაქტიკამ და ადგილობრივი ხელისუფლებების თავხედურმა უგულებელყოფამ შეარბილა საფუძველი ვილიგის უფრო მსუბუქი მიდგომისთვის. მაგრამ ახლა, როცა ის გაიზარდა, Bolt-ი ხვდება იმავე დაბრკოლებებს, რაც Uber-ს დაუპირისპირდა: ანაზღაურების პროტესტები, კამპანიები მძღოლების თანამშრომლებად გადაკვალიფიცირებისთვის და უსაფრთხოების შიში. ესტონეთში ვილიგს თბილად იღებენ, როგორც ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს, მაგრამ Bolt-ი გამოწვევების წინაშე დგას ზოგიერთ უფრო დიდ, უფრო ინტენსიურად რეგულირებულ გარემოში.

ვილიგი ვერ ხედავს Bolt-ის ან მისი კურსის შეცვლის აუცილებლობას. „ჩვენ საკმაოდ დიდი ინტერესი გვქონდა, მაგრამ თუ ბიზნესს გავყიდი, ორ კვირას დავისვენებ, შემდეგ დავბრუნდები Ryanair-ით და ჩემს შემდეგ წამოწყებას მივხედავ, – ამბობს ის. – წინ მშენებლობის რამდენიმე ათეული წელი მაქვს“.

ფოტოგრაფია: ლევონ ბისი Forbes-ისთვის

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *