ანტისოციალური ქსელი

ანტისოციალური ქსელი

ალან შააფმა უბრალო ფაილების ასატვირთი საიტი ვირუსული შიგთავსის იმპერიად გარდაქმნა. ახლა მან Imgur-ი ბიზნესად უნდა აქციოს.

პირველი, რასაც Imgur-ის ახალ, სან-ფრანცისკოს ოფისში ამჩნევ, ჟირაფებია. ისინი ყველგანაა: გასაბერი ჟირაფები, მკოცნელი ჟირაფების პოსტერები, უზარმაზარი კედლის ნახატი, რომელზეც ცილინდრიანი ჟირაფია გამოსახული, თვალზე მონოკლით. “ეს ჩვენი თილისმაა, იმიჯერაფი – ამბობს კომპანიის 27 წლის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალან შააფი. – ეს ამბავი საპირველაპრილო ხუმრობით დაიწყო: ჩვენ ერთი დღით გავაფორმეთ საიტი ჟირაფის თემით და შემდეგ ექვსი თვე ვიღებდით თხოვნებს ელ-ფოსტით, ეს დიზაინი დაგვებრუნებინა”.

Imgur-ისთვის – ინტერნეტის მემების, GIF-ების, ხუმრობებისა და ტროპების დიდი ნაწილის მასპინძელი საიტისთვის – ჟირაფი იდეალური თილისმაა: უცნაური, მოუქნელი და უზარმაზარი. Imgur-ი (რომელსაც “იმეჯერ”-ად გამოთქვამენ) ყოველთვიურად 150 მილიონ უნიკალურ სტუმარს, 5.5 მილიარდ გვერდის ნახვასა და 45 მილიონ ახალ გამოსახულებას იზიდავს. 2009 წლიდან მოყოლებული, როდესაც შააფმა საიტი ოჰაიოს უნივერსიტეტში, საკუთარ სტუდენტურ საცხოვრებელში ააწყო, Imgur-ზე ატვირთვა სტანდარტული გზა გახდა შიგთავსისთვის, რომელიც შემდეგ Facebook-ის, Twitter-ის, Reddit-ისა და ბლოგოსფეროს საშუალებით ფეთქდება. მაგრამ Imgur-ი სულ უფრო მეტად გარდაიქმნება გამოსახულებების ასატვირთი შუალედური რგოლიდან თვითკმარ პლატფორმად. მისი აუდიტორიის დაახლოებით 30% (დიდწილად ახალგაზრდები და კომპიუტერებში გარკვეულები) ამჟამად უკვე პირდაპირ საიტზე ან მის მობილურ აპლიკაციაში ათვალიერებს კონტენტს.

ეს ტენდენცია შააფს დაეხმარა, 2014 წლის აპრილში, ხუთწლიანი თვითუზრუნველყოფის შემდეგ, $40 მილიონი ვენჩურული კაპიტალი მოეძია, Andreessen Horowitz-ის მეშვეობით. “ეს არაჩვეულებრივი საზოგადოებაა, – ამბობს Andreessen–ის წარმომადგენელი ლარს დალგაარდი. – მომხმარებლები შინაარსიან ურთიერთობას ამყარებენ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება არასოდეს ენახათ. პოულობენ ადამიანებს, რომლებთანაც მეტი აქვთ საერთო, ვიდრე თანასკოლელებსა თუ კოლეგებთან”.

Imgur-მა ახლა რეალური ფულის კეთება უნდა დაიწყოს, მთელი ამ ტრეფიკიდან, ისეთი სოცქსელის პირობებში, რომელიც Facebook–ს, Instagram–სა და Snapchat–ს არ ჰგავს. Imgur-ის შიგთავსი არ განისაზღვრება მეგობრებითა და მიმდევრებით. ყველა ერთსა და იმავე გამოსახულებებს ხედავს, საწყის გვერდზე, რომლებიც ხალხის ხმების მიხედვითაა დალაგებული. ტოპ-პოსტებმა შეიძლება ათასობით კომენტარი და ათიათასობით ხმა მიიღოს. “Imgur-ი საერთო გამოცდილებაა, – ამბობს შააფი. – პოსტებს იმიტომ კი არ ხედავ, რომ ამა თუ იმ ადამიანმა დადო, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიულად მიიღო ხმები”.

საიტის თვალიერება საზოგადოებრივი წვდომის ტელევიზიის (ტელევიზიის ერთ-ერთი მოდელი აშშ-ში, რომლის გადაცემებსაც რიგითი მოქალაქეები ქმნიან) არხების გადართვას ჰგავს: თივაში მოთამაშე დათვის GIF-ი; ბატარეითა და საღეჭი რეზინის შეფუთვით კოცონის ანთების ინსტრუქცია; ვიზუალურად მოყოლილი ამბავი, თუ როგორ დაეხმარა Imgur-ის ერთი მომხმარებელი მეორეს, ფოტოშოპის საშუალებით თავისი ბაბუის ფოტოდან ქირურგიული ნაკერები მოეცილებინა. “შეუძლებელია Imgur-ზე ხუთ წუთზე ნაკლებით შეხვიდე, – ამბობს შააფი. – ეს ნამდვილი აღმოჩენის პროცესია. შენ იწყებ რამე კონკრეტულის ნახვის სურვილის გარეშე, მაგრამ ყოველ ჯერზე პოულობ შენთვის საინტერესო რაღაცებს”.

შააფმა იცის, რა უყვარს Imgur-ის მომხმარებელთა არმიას, რადგან თვითონაა ერთ-ერთი მათგანი. მორცხვი და ჩაკეტილი ბავშვი, რომელიც ფლორიდაში, ტამპას მახლობლად იზრდებოდა, ათი წლის ასაკში გადავიდა ოჰაიოში და თავის წრეს ინტერნეტფორუმებში პოულობდა, ისეთი თამაშების მოყვარულებს შორის, როგორიც, მაგალითად, World of Warcraft-ია. უფროს კლასებშისწავლისას ის მონაწილეობდა მოსწავლეების მხარდაჭერის გუნდში და სკოლის ვებსაიტის მართვაში. ოჰაიოს უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლისას, ის მოხვდა კოლეჯის რადიოში, სადაც ტექნოლოგიური ტოქშოუ მიჰყავდა და ელექტრონულ მუსიკას ატრიალებდა: “მე მიყვარს ჩემს ოთახში ჯდომა და გარე სამყაროსთან ურთიერთობა”.

ამავე პერიოდში ის აქტიურად ჩაერთო სხვა პლატფორმაშიც – განცხადებების უზარმაზარ ინტერნეტდაფა Reddit-ში. მას უყვარდა საიტი, მაგრამ სძულდა მასზე გამოსახულებების ატვირთვის დამღლელი პროცესი. “ეს არ იყო Reddit-ის პრობლემა, ეს მთლიანად ინტერნეტის პრობლემა გახლდათ, – ამბობს შააფი. – მე ვიფიქრე, რომ უკეთ შემეძლო ამის გაკეთება”.

შააფმა, რომელიც მაშინ მესამე კურსზე სწავლობდა, ატვირთვის სისტემა ორ თვეში ააგო. ეს მარტივი და მცირეფუნქციური საიტი იყო, რომელსაც ერთი ღილაკის დაჭერით სურათების ვებბმულებად გადაქცევა შეეძლო. მან თავისი პროექტი Reddit-ს გაუზიარა. პროექტი დაიძრა და – გაიჭედა. შააფმა უფრო დიდი ვებჰოსტინგი იპოვა – ისიც არ ეყო. მან ოთხ სერვერულ საიტზე ყარა ფული, სანამ Amazon Web Service-ზე შეჩერდებოდა. “მე არ მქონდა ტრეფიკთან მოპყრობის გამოცდილება, მაგრამ სწავლა აუცილებელი იყო. მაშინ გამოსავალი რომ არ მეპოვა, Imgur-ი არ იარსებებდა, – ამბობს შააფი, რომელიც Imgur-ის გადარჩენას თავისი დედისგან, ჯინ ჰოიტისგან ნასწავლ თავდაჯერებულობასაც უკავშირებს. – მან საკუთარი კომპანია ააგო [უძრავი ქონების შეფასება], და როდესაც სახლში რამე ფუჭდება, მაგალითად, “ჩვენ გვჭირდება ახალი უნიტაზი”, თვითონ აკეთებს”.

სანამ შააფი სწავლობდა, Imgur-ზე განთავსებული პატარა რეკლამები ჰყოფნიდა სერვერის ხარჯებსა და, დროდადრო, პიცასაც. შააფმა უარი თქვა Facebook-ისა და Google-ის შემოთავაზებებზე, რომ სახლში გადასულიყო და Imgur-ი საკუთარი საძინებლიდან ემართა. 2010 წლისთვის ის უკვე საკმარის ფულს აკეთებდა, რომ ბინა ექირავა და დაექირავებინა მეთ სტრედერი (ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი, რომელიც შააფმა ოჰაიოს უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდის გავლით გაიცნო), ბიზნესმხარეზე ფოკუსირებისთვის. 2011–ში, როდესაც Imgur-ი უკვე თვეში 30 მილიონ უნიკალურ ნახვაზე იყო ასული, შააფი და სტრედერი (ამჟამად Imgur-ის COO) სან-ფრანცისკოში გადავიდნენ და ოთხი თანამშრომელი დაიქირავეს.

წინა გაზაფხულის ვენჩურული შეთანხმების შემდეგ ეს რიცხვი 45-მდე გაიზარდა. შააფი ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის, როდესაც Imgur-ს უფრო მეინსტრიმული აუდიტორია ეყოლება მოზიდული, მარტში გაშვებული ახალი iOS აპლიკაციის მეშვეობით, თანამშრომელთა რიცხვს 90-მდე გაზრდის. მას ასევე ვებზე მიერთებული ტელევიზორების ათვისების გეგმები აქვს. Andreessen Horowitz-ის წარმომადგენლის, ლარს დარლგაარდის თქმით: “ეს არაჩვეულებრივი შიგთავსია, რომელსაც იმ ადამიანების მცირე პროცენტიც არ ნახულობს, ვინც აღტაცებული და აღფრთოვანებული იქნებოდა, მისი არსებობის შესახებ რომ სცოდნოდა”.

Imgur-ის შემოსავლის ძირითადი ნაწილი დღეს თითოეულ გვერდზე თითო რეკლამის განთავსებიდან მოდის. უფრო სწრაფი ზრდის მისაღწევად, Imgur-ი შიდა სააგენტოს აარსებს, რომელიც შექმნის და გამოაქვეყნებს ბრენდირებულ გამოსახულებებს, ეგრეთ წოდებულ მკვიდრ რეკლამებს, რომლებიც ვირუსული გაზიარებისთვისაა გამიზნული. სატესტო კამპანიები ფილმებისა და თამაშებისთვის (Grand Theft Auto V) მომხმარებლებში პოპულარული აღმოჩნდა. ზოგიერთი რეკლამა მომხმარებლების 4%-მა მოიწონა და გააზიარა. ამის მიუხედავად, Imgur-მა აუჩქარებლად უნდა იმოძრაოს. ონლაინკლანებმა, თავიანთი ანონიმურობით განსაკუთრებით შეგულიანებულებმა, შესაძლოა აგრესიულად გააპროტესტონ შიგთავსში რეკლამების გამოჩენა. “Imgur-ში ყველაზე ღირებული თემია, – ამბობს შააფი. – მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ეს თემი დავშალოთ”.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *