სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფორმატში ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის შემდეგ ექვსი წელი გავიდა. წლევანდელი შეხვედრისას მხარეებმა, ეკონომიკური კონკურენციისა და სამხედრო და დიპლომატიური დაპირისპირებების გამო დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს.
APEC-ის ფორმატის ფარგლებში, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერებს შორის შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ორივე მათგანს, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, საკუთარი მიზნები ამოძრავებდა. სი ძინპინი ჩინეთის ფარგლებში ეკონომიკური ზრდის შენელებასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს ებრძვის, რაც სახელმწიფოს უცხოელ ინვესტორთა მოზიდვაში ხელს უშლის, ხოლო ბაიდენი, არჩევნების წინ, გლობალური გარემოს სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს.
თუმცა მხარეები ყველაფერში კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. ჩინეთმა შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ტაივანთან მიმართებით მისი ტერიტორიული ამბიციები „შეუჩერებელია“ და თეთრი სახლის ლიდერს, „თვითაღიარებული კუნძულის“ შეიარაღების შეჩერებისკენ მოუწოდა. აშშ-ის წარმომადგენლები ასევე შეეცადნენ, ჩინელ კოლეგებთან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი და მასში ირანის ჩართულობა განეხილათ.
- თანამშრომლობა ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში
ორივე ქვეყანა ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა. ჩინეთი დათანხმდა, არსებული შეზღუდვების გვერდის ავლით, ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტებისა და აბების გადაზიდვა შეაჩეროს. ლიდერებმა საერთო პოლიტიკის კოორდინაციასა და დანაშაულთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებივ შედეგებზეც ისაუბრეს. უცნობია, ჩინეთის მოთხოვნის მიუხედავად, მოუხსნის თუ არა შეთანხმების ფარგლებში შეერთებული შტატები ჩინეთის ექსპერტიზის პოლიტიკის ინსტიტუტს შეზღუდვებს. შტატები ინსტიტუტს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს.
ბექგრაუნდი: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აშშ-ში ყოველდღიურად 150-ზე მეტი ადამიანი სინთეზურ ოპიოიდებთან დაკავშირებული დოზის გადაჭარბებით იღუპება, რაც უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისშია გადაზრდილი. ფენტანილთან დაკავშირებული პრობლემა აშშ-ისთვის ახალი არაა. 2018 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ფენტანილის კლასიფიკაციის შეცვლაზე შეთანხმდნენ და ის კონტროლირებად ნივთიერებას განაკუთვნეს. თუმცა ამის შემდეგ ფენტანილის ეპიდემია შტატებში კიდევ უფრო გავრცელდა.
- უმაღლესი ხარისხის სამხედრო მიმოცვლის აღდგენა
ვაშინგტონი და პეკინი მაღალი დონის სამხედრო მოლაპარაკებების აღდგენაზეც შეთანხმდნენ – ორივე ლიდერმა გაურკვევლობის წარმოშობისას ღია კომუნიკაციის შენარჩუნების პირობაც დადო. გეგმის მიხედვით, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან რეგულარული კონსულტაციები განახლდება – ასევე განახლდება აშშ-ჩინეთის პოლიტიკის საკოორდინაციო მოლაპარაკებები და აშშ-ჩინეთის სამხედრო საზღვაო საკონსულტაციო შეთანხმება. ოფიციალური პირების შეფასებით, შეცდომათა თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების აღდგენასაც უნდა გულისხმობდეს.
ბექგრაუნდი: გასულ წელს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმდროინდელი სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ტაივანში ჩავიდა. ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ორი არხი შეაჩერა: ერთი, რომელიც გემებისა და თვითმფრინავების ოპერატორებისთვის კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდა და მეორე – რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების სერია მაღალი რანგის სამხედრო ჩინოვნიკებს შორის.
- ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგი
ჩინეთი და აშშ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ქვეყნებს შორის დიალოგის დასაწყებად, სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის განმავლობაში, შტატებმა ამ მხრივ განვითარებადი ტექნოლოგიების დაცვის გაუმჯობესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. პრეზიდენტებს შორის შეხვედრამდე, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია ჩინეთის მხრიდან AI-ის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების გამო. ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროებას. ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, გაერთიანებულ სამეფოში გამართულ AI-ის უსაფრთხოების სამიტს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამილა ჰარისი და ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ვიცე-მინისტრი ვუ ჭანხუი ესწრებოდნენ.
- მომავალი წლის დასაწყისიდან საჰაერო მოგზაურობის გაზრდა
შეთანხმების მიზანი სახელმწიფოთა შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდაა. კორონავირუსის პანდემიამდე, აშშ-სა და ჩინეთს შორის კვირაში საშუალოდ 340 ფრენა სრულდებოდა, თუმცა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, რასაც ჩინეთის გახანგრძლივებული კოვიდპოლიტიკაც დაერთო, სიტუაცია შეიცვალა. ბოლო პერიოდში კი პროგრესი შეინიშნება. აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებით, 9 ნოემბრიდან ქვეყნებს შორის კვირაში საშუალოდ 70 ფრენა განხორციელდება.
- ადამიანური კაპიტალის მიმოცვლა
ორივე მხარეს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო, სტუდენტური, ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული და ბიზნესის გაცვლის გაფართოებას სურს. ორმხრივი ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, ვიზასთან დაკავშირებით შეზღუდვები შეეხოთ როგორც სტუდენტებს, ასევე ჟურნალისტებს, მაღალჩინოსნებსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს. ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობდნენ უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებიც. თუმცა ბაიდენმა უცვლელად დატოვა ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთის სამხედრო სკოლებთან კავშირში მყოფი ასპირანტებისა და მკვლევართათვის, ვიზებზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.