Life360 ცდილობს საოჯახო სოციალური ქსელის ნიშს და იმ უხვ მონაცემს დაეუფლოს, რომლებიც ოჯახის თითოეული წევრის ყოველწამიერი მდებარეობის ცოდნას თან მოჰყვება.
კრის ჰალსს არ უყვარს, როდესაც მისი კომპანიის აპლიკაციას, Life360-ს, მეთვალყურე აპლიკაციას უწოდებენ. თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ტერმინი “მდებარეობის გაზიარება” ურჩევნია. უფასო აპლიკაციის დანიშნულებაა, პირადი თანხმობის საფუძველზე, აჩვენოს ოჯახებს მათი თითოეული წევრის ადგილმდებარეობა. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს მაშინაც შეუძლიათ შეტყობინებების მიღება, როდესაც მათი რომელიმე ახლობელი სახლში ბრუნდება ან სამსახურში მიდის. შეტყობინებები შესაძლოა მისვლა-მოსვლის დროის შეფასებებსაც მოიცავდეს.
როგორ დამძაბველადაც უნდა ჟღერდეს, უფასო აპლიკაციამ გასული სამი წლის მანძილზე მყარად მოიკიდა ფეხი, მას 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი და 45 მილიონი ოჯახი ანიჭებს უპირატესობას, რომელთა ნახევარი აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფება. Life360-ით სარგებლობას ყოველთვიურად დაახლოებით 2 მილიონი ოჯახი იწყებს. აპლიკაცია გამოიყენება საოჯახო სადილების მოსაწყობად, იმის გასაგებად, როდის გამოვიდა მეუღლე სამსახურიდან, ან როდისაა საჭირო ბავშვების ფეხბურთის ვარჯიშიდან წამოყვანა. Life360 უფრო პოპულარულია კანზასელი ფეხბურთელი ბავშვების დედებს შორის, ვიდრე სან-ფრანცისკოს ყურის რეგიონში მცხოვრებ ტექნიკოსებში. ამის გამო მას ზოგჯერ “წითელი შტატის (მეტწილად რესპუბლიკელების მომხრე, კონსერვატიული შტატების მეტსახელი) აპლიკაციას” უწოდებენ.
“ჩვენი მიზანი ყოველთვის ოჯახის შეკავშირება იყო, – ამბობს სტარტაპის სან-ფრანცისკოს სათავო ოფისში მყოფი ჰალსი. საინტერესოა, რომ ტვიტერის პირველი ოფისებიც ამავე შენობაში მდებარეობდა. – რეალურად, “მდებარეობის გაზიარება” საშუალებაა მიზნის მისაღწევად, და არა თავისთავადი მიზანი. Facebook-მა სოციალური ქსელის ნიში მოიგო და უზარმაზარ კომპანიად იქცა. LinkedIn-მა კი რაღაც მსგავსი მოახერხა პროფესიული ქსელების ნიშში”.
სიცოცხლისუნარიანობისთვის, Life360-ს სჭირდება იყოს მეტი, ვიდრე უბრალოდ საოჯახო სოციალური ქსელი. მისი ერთადერთი შემოსავალი ამჟამად პრემიუმ-სერვისს უკავშირდება, რომელიც მომხმარებლებს სადღეღამისო კრიზისების სამართავ ცხელ ხაზსა და საგზაო დახმარებაზე წვდომას აძლევს. სერვისით 50,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. თითოეული მათგანი თვეში $5-ს ან წელიწადში $50-ს იხდის. ახლო მომავალში კომპანია გეგმავს გაუმჯობესებული მიმოწერისა (მესიჯინგის), გაზიარებადი საოჯახო კალენდრისა და საქმეების განრიგის გაშვებას – სამივე რუკებს დაეყრდნობა. ამ ინსტრუმენტებით შესაძლებელი იქნება, მაგალითად, თქვენმა მეუღლემ რძე საყიდლების სიაში შეიტანოს, ხოლო აპლიკაციამ, როდესაც გამოავლენს, რომ სუპერმარკეტს უახლოვდებით, შეგახსენოთ, რომ რძე გაქვთ საყიდელი.
ღირებული ინფორმაციის დიდი რაოდენობა, რომელსაც Life360 აგროვებს, მას მიმზიდველ პარტნიორად აქცევს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა BMW და სახლის “ჭკვიანი” პროდუქტების მწარმოებლები Nest-ი, SmartThings-ი და Ring-ი. ჯერჯერობით ასეთი თანამშრომლობა მცირე ინტეგრაციებს გულისხმობს და Life360-სთვის ფული არ მოაქვს. მაგალითად, Google-ის მფლობელობაში მყოფ Nest-ის თერმოსტატთან ინტეგრაციის შემთხვევაში, აპლიკაცია ხელსაწყოს ატყობინებს, როდის არიან ოჯახის წევრები სახლში. შედეგად, Nest-ი უკეთეს მონაცემებს აგროვებს ოჯახის დასაქმების შესახებ.
წელს, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, Life360 ნებისმიერ დეველოპერს მისცემს საკუთარ მონაცემებზე წვდომის საშუალებას. თუმცა მუშაობა მიმდინარეობს სხვა, პოტენციურად უფრო მოგებიან ხელშეკრულებებზეც, ისეთ მოთამაშეებთანაც, როგორიცაა ADT და Telecom Italia – ევროპის სიდიდით მეხუთე კავშირგაბმულობის კომპანია. Telecom Italia-სთან შეთანხმების შემთხვევაში, Life360 ოპერატორის მიერ გაყიდულ თითოეულ ტელეფონზე იქნება დაყენებული, რაც აპლიკაციის პრემიუმ- სერვისის მილიონობით ახალი მომხმარებლისთვის შეთავაზებას ნიშნავს. ჰალსის თქმით, უკვე ჩანს მრავალ სხვა ტელეკომთან თანამშრომლობის შესაძლებლობებიც.
წელს Life360 დაამატებს ინსტრუმენტს, რომლითაც ადამიანები შეძლებენ თავიანთი ADT-ის უსაფრთხოების სისტემების ავტომატურად ჩართვასა და გამორთვას, ოჯახის წევრების მისვლა-მოსვლის შესაბამისად. ADT-ში იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტს დიდ პრობლემას: კერძოდ, რომ მომხმარებლებს ხშირად ავიწყდებათ თავიანთი სისტემების აქტივაცია. Life360 ასევე დაიწყებს თავისი აპლიკაციის მეშვეობით ADT-ის სერვისის გაყიდვას, და ამ გზით გაყიდული თითოეული სისტემის ყოველთვიური გადასახადის წილს მიიღებს. 2014 წლის გაზაფხულზე ADT-მ Life360-ში $25 მილიონის ინვესტიცია უკვე განახორციელა. ეს $50-მილიონიანი რაუნდის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სტარტაპის ღირებულების შეფასებამ $200 მილიონს გადააჭარბა.
“ჩვენი მომხმარებლები ბევრად ღირებულები არიან, ვიდრე Snapchat-ის მომხმარებლები”, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ალექს ჰერო. მისი თქმით, Snapchat-ში მჯდომი საშუალო ტინეიჯერის შესაძლებლობები, ხარჯვის თვალსაზრისით, ფერმკრთალდება Life360-ის მომხმარებელი ოჯახების შესაძლებლობების ფონზე. “თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ქსელს და უზარმაზარ მასშტაბებამდე გაზრდასაც შევძლებთ, მონეტიზაცია იოლი არ იქნება, მაგრამ ეს ისეთ პრობლემას არ შეგვიქმნის, რომელიც კომპანიას მოკლავს”, – დასძენს იგი.
Life360 უფრო მეტ ხანს არსებობს, ვიდრე სტარტაპების უმრავლესობა. ის 2008 წელს დაარსდა, როგორც ოჯახებისთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს დაკავშირების საშუალება. ორი თანადამფუძნებელი გააერთიანა აზრმა, რომ ფედერალურ ხელისუფლებაზე უკეთ შეეძლოთ ქარიშხალ კატრინასთან გამკლავება (მთავრობა ამ პრობლემას ვებსაიტ ready.gov-ზე ჩამოტვირთვადი PDF ფაილის განთავსებით ებრძოდა). პირველი ორი წლის მანძილზე, როდესაც კომპანია საოჯახო “ნეტვორკინგისთვის” განკუთვნილი სხვადასხვა ვებპროდუქტის ტესტირებით იყო დაკავებული, დამფუძნებლები თვეში $300-ს იღებდნენ. ერთხანს ჰალსი ოჯახის ახლობლის საპირფარეშოსთან მიშენებულ გადაკეთებულ ფარდულშიც კი ცხოვრობდა, ბერკლის მახლობლად. თავისი არსებობის პირველ ორ წელიწადში, Life360-მა სულ 5000 მომხმარებლის მოზიდვა შეძლო.
თუმცა 2011 წლიდან საქმის აწყობის პირველი ნიშნები ჩნდება. ეს ის პერიოდია, როდესაც Apple-მა სატელეფონო აპლიკაციებს მომხმარებლების მდებარეობის დადგენის საშუალება მისცა და სმარტფონების გავრცელების ტემპმაც იმატა. უშუალოდ 2011 წლის შობის შემდეგ სტარტაპი ჩამოტვირთვების დიდ ტალღას ეღირსა. იმ დროიდან მოყოლებული, ზრდის ტემპი ყოველწლიურად ორმაგდება. ამჟამად უპირველეს ამოცანად მომხმარებლების მოზიდვა რჩება. ამას წინათ მიღწეული $50-მილიონიანი რაუნდის შემდეგ, Life360-ს შეუძლია თქვას, რომ საკმარისი ნაღდი ფული აქვს, რათა შემდეგი ორი წლის განმავლობაში თავი გაიტანოს. ეს ფული კომპანიას იმის ფუფუნების საშუალებასაც ანიჭებს, რომ არ დასთანხმდეს სადისტრიბუციო შემოთავაზებებს, რომლებიც მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, საუდის არაბეთში, კავშირგაბმულობის ერთ-ერთი კომპანიის სურვილის თანახმად, აპლიკაციას უნდა დაემალა მამაკაცი მომხმარებლების ადგილმდებარეობა და ამავდროულად მკაცრად გაეკონტროლებინა ქალები. Life360-მა წინადადებაზე უარი თქვა.
შარშან კომპანიას ასევე რამდენიმე დიდი მოთამაშის მხრიდან შესყიდვის შემოთავაზებების მოგერიება მოუწია. ჰალსი ხედავს საოჯახო ქსელის ფლობის შესაძლებლობას და რამდენიმე წელიწადში აქციების გაყიდვის დაწყებაც სურს. მაგრამ Amazon-ი და Google-ი ახლო მომავალში საკუთარ ოჯახზე ფოკუსირებული პროდუქტების გამოშვებას გეგმავენ. Facebook-ს უკვე აქვს Connect With Friends-ი (დაუკავშირდი მეგობრებს), ხოლო Apple-მა თავისი iOS-ის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ განახლებას მდებარეობის გაზიარების ინსტრუმენტი მოაყოლა.
“მე სიგიჟემდე მეშინია კონკურენტების, – ამბობს ჰალსი. – ჩვენ მობილური აპლიკაციების 99.9%-ზე წინ ვართ, მაგრამ ქსელებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ბიზნესში შენ ან გიგანტი ხარ, ან არა. ჩვენ ერთ-ერთი ასეთი გიგანტი უნდა გავხდეთ მანამ, სანამ ამას ვინმე სხვა მოახერხებს”.
დატოვე კომენტარი