Apple ახალ Iphone 12-ს 13 ოქტომბერს წარადგენს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Apple-მა დააანონსა. როგორც წესი, გიგანტი კომპანიის ახალი ტელეფონების გაყიდვა პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში იწყება ხოლმე. ამდენად, iphone 12-ის შეძენა, სავარაუდოდ, 23 ოქტომბრისთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა დაზუსტებით ვერც ამ თარიღს ვენდობით, რადგან წელს კომპანია დადგენილ გრაფიკს რამდენჯერმე ასცდა.
ამჯერად Iphone 12-ის მთავარი მესიჯია – “გამარჯობა, სიჩქარე!” ეს მოდელი შეიძლება, ჩაითვალოს პირველ 5G iphone-ად, რომელსაც უფრო მძლავრი მეხსიერების ბარათები ექნება. ახალ მოდელს, ასევე, ექნება ნარინჯისფერი და ლურჯი კონცენტრული წრეები.
Apple Iphone 12-ის 4 ვერსიის გამოშვებას აპირებს, მათგან ორი – ჩვეულებრივი, ხოლო ორი – ე.წ. “პრო” მოდელი იქნება.
საუბარია იმაზეც, რომ Apple ახალ აუდიო ტექნიკაზეც მუშაობს – მათ შორის AirPods-ის ყურსასმენების ვერსიებზე და განახლებულ HomePod-ზე. გარდა ამისა, იგეგმება პატარა სათვალთვალო ნიშნის შექმნაც, რომელიც შეიძლება, მაგალითად, გასაღებს დაუმაგრდეს.
ბოლო ორი ღონისძიების მსგავსად, Iphone 12-ის წარდგენაც ონლაინ გაიმართება და კვლავ Apple Park-ის კამპუსში გადაღებული ვიდეოს ფორმატი ექნება. პირდაპირი ეთერი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება და მისი ნახვა როგორც Apple-ის ვებ-გვერდიდან, ასევე Youtube-ის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.
საგულისხმოა, რომ Apple-მა Iphone-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია თავდაპირველად ზაფხულისთვის დააანონსა; შემდეგ 15 სექტემბერს გამართა ონლაინ ღონისძიება, სადაც მაყურებელი iphone 12-ის წარდგენას ელოდა, თუმცა მაშინ მოლოდინი არ გამართლდა.