აზიური გამოცემა Nikkei-ის ინფორმაციით, ჩიპების ბრიტანული მწარმოებლის, ARM-ის ინვესტორთა შორის შესაძლოა უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები ვიხილოთ. მოხსენების თანახმად, სექტემბრის IPO-ზე, SoftBank-ის მფლობელობაში არსებულ ARM-ში აქციების შეძენას Apple-ი, Samsung-ი, Nvidia და Intel-ი გეგმავენ.
ჩიპების მწარმოებელმა თავისი აქციების პირველადი საჯარო განთავსების (IPO) გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს, „მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების“ გამო, Nvidia-სთან ჩაშლილი გარიგების შემდეგ მიიღო. შეთანხმებით, ამერიკული კომპანია ARM-ის $40 მილიარდად შეძენას განიხილავდა.
Arm-ის აღმასრულებელი დირექტორის, რენე ჰასის განცხადებით, კომპანიის აქციების საჯაროდ გატანის გადაწყვეტილება ახალი ბაზრების ათვისების სურვილს უკავშირდება. ბრიტანული მწარმოებელი Cloud-ის კომპიუტერული პროდუქტებისთვის, ლიცენზირებული ჩიპების დიზაინის განვითარებასაც გეგმავს.
SoftBank-ის საკუთრებაში არსებული ფირმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას დალისტვის მოთხოვნით ოფიციალურად მიმდინარე თვის ბოლოს მიმართავს. Nikkei-ის ინფორმაციით, დაინტერესებული კომპანიებისთვის აქციების მცირე მოცულობებით მიყიდვა, ბრიტანულ ჩიპების მწარმოებელს ფასების სტაბილიზაციაში დაეხმარება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, Intel-მა ბრიტანულ ARM-თან თანამშრომლობით, 18A-პროცესორის ჩიპების წარმოების დაწყება დააანონსა. პარალელურად კი, ჩიპების სხვა მწარმოებლები, მათ შორის Qualcomm-ი და NXP Semiconductors-ი, ARM-თან კონკურენციისთვის, RISC-V-ის განვითარებაზე თავადაც მუშაობენ.