Apple-ი ევროკავშირმა $2 მილიარდით დააჯარიმა

Apple-ი ევროკავშირმა $2 მილიარდით დააჯარიმა

ევროკავშირმა Apple-ი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში დამნაშავედ ცნო და $2 მილიარდით დააჯარიმა. ორგანიზაციის ბრალდებით, ამერიკულმა კომპანიამ კონკურენტი მუსიკალური აპლიკაციების, მათ შორის Spotify Technology-ის წინააღმდეგ, ბაზარზე მისი დომინანტური პოზიცია ბოროტად გამოიყენა.

ევროკავშირის განცხადებით, Apple-ი მის კონკურენტებს კომპანიის პლატფორმაზე წვდომას უზღუდავდა. შედეგად, Apple-ის მომხმარებლებამდე არ მიდიოდა ინფორმაცია App Store-ის გარეთ არსებული სხვა, შედარებით შეღავათიანი მუსიკალური შეთავაზებების შესახებ. ცნობისთვის, ეს არის პირველი ანტიმონოპოლიური ჯარიმა, რომელიც ევროკავშირისგან Apple-ს დაუწესდა.

„თითქმის ათწლეული, Apple-ი ბოროტად იყენებდა ბაზარზე თავის დომინანტურ პოზიციას, App Store-ის საშუალებით, მუსიკალური სტრიმინგ აპლიკაციების დისტრიბუციისთვის. კომპანია ზღუდავდა, დეველოპერებს ინფორმაცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის Apple-ის ეკოსისტემის გარეთ არსებული ალტერნატიული, იაფი მუსიკალური სერვისების შესახებ“, – განაცხადა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა მარგრეტე ვესტაგერმა.

შვედური კომპანია Spotify-ის მტკიცებით, Apple-ი მათ თითოეული გადახდისთვის 30%-იან საკომისიოს აკისრებდა. ამასთან ერთად, მომხმარებელი არ იყო ინფორმირებული, რომ დამატებითი გადასახადის თავიდან აცილება Spotify-ის საიტზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი.

Apple-ი ევროკავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თუმცა, სამართლებრივი დაპირისპირება შესაძლოა წლებიც გაგრძელდეს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირს Apple-ის დასაჯარიმებლად საკმარისი და სანდო მტკიცებულებები არ გააჩნია.

პირველ კვარტალში Apple-ის შემოსავალმა $119.6 მილიარდს მიაღწია. $69.7 მილიარდი მხოლოდ iPhone-ებზე მოდის, რომლის გაყიდვებიც გასულ წელთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *