მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, Apple-ი კლასიკური მუსიკის დამოუკიდებელ აპლიკაციას გამოუშვებს. Apple Music Classical-ი Apple Music-ის აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი 28 მარტიდან იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალი აპლიკაციის გამოყენება Apple Music-ის მომხმარებელს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეეძლება.
ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, Apple Music Classical-ის მიერ შეთავაზებული კატალოგი მოიცავს ხუთ მილიონ უნიკალურ მუსიკალურ კომპოზიციას და ათასობით ექსკლუზიურ ალბომს. მიუხედავად კონკურენტი პლატფორმებისა, Apple-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მათი დამოუკიდებელი აპლიკაცია მომხმარებელს შესთავაზებს „სრულ და ზუსტ მეტამონაცემებს“, მასთან ერთად კი, „კომპოზიტორის, ნაწარმოების, დირიჟორის ან თუნდაც კატალოგის ნომრის საშუალებით ძიების შესაძლებლობას“.
ცნობისთვის, Apple-მა ცნობილი კლასიკური მუსიკის სტრიმერი Primephonic-ი 2021 წლის აგვისტოში შეიძინა. Apple-ის განცხადებით, აბონენტები „მიიღებენ კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გამოცდილებას, დაწყებული Primephonic-ის პლეილისტით, დასრულებული ექსკლუზიური აუდიოკონტენტით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Apple Music-ის აბონენტებისთვის Apple Music Classical-ით სარგებლობა უფასოა. თუმცა აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭირო იქნება ინტერნეტი. კომპანიის განცხადებით, უახლოეს მომავალში Android-ის ვერსიის გამოშვებაც იგეგმება.
დატოვე კომენტარი