მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია, რომელიც 500-ზე მეტ მოწყობილობას, მათ შორის 1983 წლის Lisa I-ს და 1979 წლის Apple II Plus-ს აერთიანებს, მარტის ბოლოს, ჯულიენის აუქციონზე ნაწილ-ნაწილ გაიყიდება. აღნიშნული კოლექცია, რომელიც შვეიცარიელ ანტრეპრენიორსა და მასწავლებელს, ჰანსპიტერ ლუცის ეკუთვნის, 1979-2008 წლებში გამოშვებულ მოწყობილობებს აერთიანებს და ის Apple-ის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან კოლექციად მიიჩნევა მსოფლიოში.
ჰანსპიტერ ლუცის კოლექციაში მეტად იშვიათ მოწყობილობებსაც ვხვდებით, მათ შორის გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის მქონე ერთ-ერთ პირველ პერსონალურ კომპიუტერს, სახელწოდებით Lisa I, რომელიც Apple-მა ჯერ კიდევ 1983 წელს გამოუშვა – აუქციონზე ამ მოწყობილობის სავარაუდო ფასი ათიდან ოცი ათას დოლარამდე შუალედში მერყეობს. ამ კომპიუტერის იშვიათობას განაპირობებს ისიც, რომ კომერციულად ის მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა და რეალურად, დღემდე მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემორჩა – ჯამში, Apple-მა მხოლოდ ათი ათასი ერთეულის გაყიდვა მოახერხა.
კომპიუტერებთან ერთად, აუქციონზე Apple-ის სხვა გაჯეტებსაც შევხვდებით, მათ შორის 1994 წლით დათარიღებულ Apple QuickTake 100-ის ტიპის კამერას – ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ციფრული სამომხმარებლო კამერის ფასი ორასიდან სამას დოლარამდე შუალედში განისაზღვრება. ამასთანავე, აუქციონზე ერთ-ერთ პირველ კომერციულად ხელმისაწვდომ გრაფიკულ პლანშეტს, Summergraphics MacTablet-საც შეხვდებით.
Apple-ი გლობალური ტექნოლოგიური ბაზრის დომინაციას განაგრძობს და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულს დღემდე ინარჩუნებს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კომპანიის მიერ გამოშვებულ ანტიკვარულ პროდუქტებზე. რამდენიმე კვირის წინ, მაგალითად, პირველი თაობის გაუხსნელი iPhone-ი $63 ათასად გაიყიდა – არადა, თავის დროზე, ეს სმარტფონი სულ რაღაც $599 ღირდა. თუმცა ეს ფასიც არაფერია იმ $220-ათასიან ფასთან შედარებით, რომელიც უცნობმა მყიდველმა Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის სანდლებში გადაიხადა.
დატოვე კომენტარი