ამერიკის შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტი და 16 გენერალური პროკურორი iPhone-ის მწარმოებელს ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის უჩივის. ევროპაში კი რეგიონის „ციფრული ბაზრის აქტთან“ Apple-ის პოლიტიკის შესაბამისობას იკვლევენ.
შედეგად, კომპანიის აქციების ფასები ხუთშაბათის მონაცემებით 4.1%-ით დაეცა, საბაზრო ღირებულება კი $113 მილიარდით შემცირდა. ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია – $3 ტრილიონზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაციით – წელს როგორც Nasdaq 100-ზე, ასევე S&P 500-ზე მაჩვენებლებს აუარესებს. ამჟამად Apple-ის ღირებულება $2.63 ტრილიონს შეადგენს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple-ი მარეგულირებელთა შემოწმების ობიექტი გახდა. ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის, Apple-სა და მის კონკურენტებს ბრალი არაერთხელ დასდეს. ამერიკული სარჩელი, რომელიც ნიუ-ჯერსის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი, Apple-ს მისი მოწყობილობების აპარატულ და პროგრამულ ფუნქციებზე წვდომაში, კონკურენტების დაბლოკვაში ადანაშაულებს.
ხოლო რაც შეეხება ევროპას, რეგიონში მიმდინარე გამოძიებები ყურადღებას app store-ის დეველოპერების ახალ გადასახადსა და წარდგენილ პირობებსა და დებულებებზე ამახვილებს. Apple-ს ევროპულ გამოძიებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აშშ-ში მიმდინარე საქმეს საშიში პრეცედენტი უწოდა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, ტექნოლოგიური პროდუქტების დიზაინის შექმნაზე გავლენა იქონიოს.
აშშ-ის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი Apple-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას შემდეგი მიმართულებებით ედავება: სუპერაპლიკაციები, cloud-სტრიმინგის თამაშების აპლიკაციები, შეტყობინებების აპლიკაციები, ჭკვიანი საათები და ციფრული საფულეები.
DOJ-ის ცნობით, კომპანიამ მომხმარებელს შეუზღუდა სერვისები, რომლებიც მათ მობილურების შეცვლას გაუმარტივებდა, მათ შორის: უარი თქვა კროს-პლატფორმული შეტყობინებების აპლიკაციების, მესამე მხარის ციფრული საფულეებისა და სხვა ბრენდების სმარტ-საათების მხარდაჭერაზე და დაბლოკა მობილური ღრუბლოვანი სტრიმინგის სერვისები.
რაც შეეხება „ციფრული ბაზრის აქტს“, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კომპანიის წლიური შემოსავლის 10%-ით დაჯარიმებას ითვალისწინებს. 20%-ით კი ფირმები წესების მრავალჯერადი დარღვევის გამო დაჯარიმდებიან.