ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ხუთ დღეში საბაზრო კაპიტალიზაციიდან $200 მილიარდი დაკარგა. აქციების ფასის კლება გასულ ხუთშაბათს დაიწყო და ორშაბათს 1.7% შეადგინა. მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო დღეებშიც. აღსანიშნავია, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, ეს კომპანიისთვის ყველაზე ცუდი ხუთდღიანი სავაჭრო სესია იყო.
Apple-ისთვის ტურბულენტური პერიოდი 3 აგვისტოს დაიწყო, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ მისი iPhone-ის გაყიდვები გასულ კვარტალში Wall Street-ის პროგნოზებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. გაყიდვების კლებამ ტექნოლოგიური გიგანტის საერთო შემოსავლის 1%-ით, $81.8 მილიარდამდე შემცირება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა თავისი სერვისების სეგმენტის შემოსავალი ბოლო წლებში საგრძნობლად გაზარდა – მიიღო მილიარდები App Store-იდან, iCloud-სერვისებიდან, ასევე Apple Music-იდან, Apple TV+-დან და Apple Pay-დან – iPhone-ის გაყიდვები კვლავ შეადგენს ტექნოლოგიური გიგანტის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 50%-ს. შედეგად, აღნიშნული პროდუქტის გაყიდვების კლებამ Apple-ის აქციების შემცირების ტალღა გამოიწვია.
გასული კვარტალი გაყიდვების კუთხით არა მხოლოდ iPhone-ების, არამედ, ზოგადად, Apple-ის ტექნიკის ბიზნესისთვის რთული აღმოჩნდა. iPhone-ის შემოსავალი 2.4%-ით, $39.7 მილიარდამდე შემცირდა, Mac-ის – 7.3%-ით, $6.8 მილიარდამდე, ხოლო iPad-ის – 19.8%-ით, $5.8 მილიარდამდე.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციის სიდიდე აქციების ზეწოლის ქვეშ ყოფნის კიდევ ერთი მიზეზია. მიუხედავად სამი კვარტალის განმავლობაში ზედიზედ შემცირებული შემოსავლისა, კომპანიის აქციების ფასი ამ პერიოდში მთლიანობაში 51%-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $2.83 ტრილიონს უტოლდება და ამ მაჩვენებლით ის დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. Apple-ი ასევე ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა შეძლო.