ამერიკულმა ტექგიგანტმა, Apple-მა, აუგმენტური რეალობის სათვალეებისა და მოწყობილობების მწარმოებელი სტარტაპი Mira შეიძინა. ცნობისთვის, Mira აღნიშნულ მოწყობილობებს სხვადასხვა კომპანიისა და აშშ-ის სამხედროებისთვის ამზადებს.
სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც Apple-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობა, $3,499 ღირებულების Visio Pro წარადგინა. მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. დღემდე Mira-ს ინვესტიციების სახით $17 მილიონი აქვს მოზიდული.
Apple-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია დროდადრო პატარა კომპანიებს შეისყიდის, თუმცა მიზნებთან და გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა Apple-ი Mira-ს სამხედრო კონტრაქტების შესრულებას. კომპანიის ხასიათით და სტრატეგიით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. სამთავრობო ჩანაწერების მიხედვით, Mira-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ორი კონტრაქტი აკავშირებს. ერთი მათგანი აშშ-ის საჰაერო ძალებთანაა გაფორმებული, ხოლო მეორე საზღვაო ძალებთან და მისი ღირებულება $702,351 შეადგენს.
გარდა ამისა, Mira Nintendo World-ის კონტრაქტორიც გახლავთ. კომპანია იაპონიასა და აშშ-ში, კერძოდ ლოს-ანჯელესში გასართობ პარკებში Mario Kart-ისათვის სწორედ Mira-ს მიერ წარმოებულ მოწყობილობებს იყენებს.