ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, გადახდებისათვის კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი გამოხატა. ამის შესახებ კომპანიის ვაკანსიების რეკლამებიდან ვიგებთ.
ხუთშაბათს, საკუთარ პლატფორმაზე Apple-მა ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. თუმცა განსაკუთრებული დეტალი ვაკანსიაში გადახდის ალტერნატიული გზების შესახებ კონკრეტიკა გახლდათ. „კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ კრიპტოვალუტებთან გამკლავების გამოცდილება“, – წერია რეკლამაში. ვაკანსიის შედეგად შერჩეული წევრი კი Apple Pay-სა და iPhone Wallet-ზე პასუხისმგებელ გუნდს შეუერთდება.
აღნიშნული სამსახურით დაინტერესებულ პირს მუშაობის 5+-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება გადახდის ისეთ ალტერნატიულ პროვაიდერებთან, როგორიცაა ციფრული საფულეები, BNPL, სწრაფი გადახდები, კრიპტოვალუტა და სხვა.
რეკლამის მიხედვით ასევე ვიგებთ, რომ კომპანია ისეთ პიროვნებას ეძებს, ვინც გადახდის მხოლოდ ძირითადი წყაროებით არ არის დაინტერესებული. „ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, ვისთვისაც კომფორტულია გაურკვევლობა, ყოველთვის კრიტიკულად, ზღვართან ახლოს აზროვნებს და არ ეშინია რაიმეს კეთების ალტერნატიული გზების შემოთავაზება“ – ვკითხულობთ რეკლამაში Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღნიშნული ნაბიჯის პერსპექტივაზე ცნობილი გამოცემა Financial Times-ი აქამდეც საუბრობდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის გამოყენების იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება. ფინანსისტების ვარაუდით, კომპანიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ბაზარს საკმაოდ მყარ ბიძგს მისცემს.
ცნობისათვის, გასულ კვირას, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, Bitcoin-ი ალტერნატიული გადახდის მეთოდის სიიდან ამოიღო. როგორც თავად აღნიშნა, ეს ქმედება გარემოსდაცვით მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ მან საკუთარ Twitter-ანგარიშზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ Bitcoin-ის მაინერებთან იმედის მომცემი საუბარი ჰქონდა.
დატოვე კომენტარი