კვლევითი კომპანია IDC-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Apple-მა სმარტფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი დაკარგა, პირველ პოზიციაზე კი Samsung-მა გადაინაცვლა. ფირმის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში Apple-ის გაყიდვები 10%-ით შემცირდა. გლობალურად სმარტფონების მიწოდება ამავე პერიოდში 7.8%-ით გაიზარდა და 289.4 მილიონი ერთეული შეადგინა. ბაზრის უდიდესი, 20.8%-იანი წილი კი Samsung-მა დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი Samsung-ს დეკემბერში ჩამოართვა, როდესაც კომპანიის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა პირველობის დაბრუნება შეძლო. კომპანიამ საკუთარი ფლაგმანური მოდელის ახალი ვერსიის, Galaxy S24-ის წარდგენის შემდეგ 60 მილიონი ერთეული სმარტფონი გაყიდა. გასულ წელს Galaxy S23-ის გაყიდვებთან შედარებით, ეს 8%-იან ზრდას წარმოადგენს.
Apple-ის წილი გლობალურ ბაზარზე კი 17.3%-ით განისაზღვრა და მან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. IDC-ის მონაცემებით, Apple-მა პირველ კვარტალში 50.1 მილიონი ერთეული სმარტფონის გაყიდვა შეძლო. გასული წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 55.4 მილიონ ერთეულს შეადგენდა.
საინტერესოა, რომ 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სმარტფონების გლობალურ ბაზარზე მესამე ყველაზე დიდი წილი ჩინურ Xiaomi-ს აქვს (14.1%).
Apple-ის გაყიდვების შემცირება ძირითადად ჩინურ ბაზარზე შეინიშნება. გასული წლის ბოლო კვარტალში ჩინეთში კომპანიის გაყიდვები 2.1%-ით შემცირდა. პირველი კვარტალის შედეგები კი აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებაა.