ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ და ლოიალურ მომხმარებელს. ამას მსოფლიო მასშტაბით არაერთი კომპანიის სტატისტიკაც მოწმობს. მაგალითად, Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულები, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ იმ ორგანიზაციაში, სადაც მუშაობენ, უფრო მეტად არიან მონდომებულები, მომხმარებელთან ურთიერთობა გააუმჯობესონ, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების 20%-იან ზრდას იწვევს. შესაბამისად, თანამედროვე, წარმატებულ და განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ყველა კომპანია აქტიურად დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ბედნიერი თანამშრომლები ჰყავდეს.
საქართველოში ეს ტრენდი ახლა იკიდებს ფეხს – სულ რამდენიმე კომპანიაა, რომლებმაც ამ მიზანს მიაღწია – მათი თანამშრომლები სამსახურში დილით ხალისით მიემართებიან. მათ შორისაა კომპანია MiMa, რომელიც საქართველოში, გასართობ და ტექნოლოგიურ ბიზნესში ევროპელი ბიზნესმენების ინვესტიციით ზუსტად ერთი წლის წინ შემოვიდა. კოვიდპანდემიით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, MiMa სულ მალე მომხმარებელს ახალ გასართობ პროდუქტებს ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. „ვნახეთ, რომ პანდემიამ სამყარო სრულიად შეცვლა, გართობაც შეიცვალა და მისი ფორმებიც. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო, ამ კუთხით მომხმარებლისთვის ინოვაცია შეგვეთავაზებინა, სწორედ ასე დაიბადა MiMa“, – აცხადებს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო კანდელაკი და დასძენს, რომ ინოვაციური იდეების განხორციელებას კრეატიული ადამიანები სჭირდება. სწორედ ამ პრინციპით დაკომპლექტდა 200-კაციანი გუნდი, რომლის წევრებსაც საერთო ღირებულებები და კორპორაციული კულტურა აერთიანებთ.
თავად კომპანიის მთავარი ღირებულება კი თანამშრომელია. კომპანიის მენეჯმენტის ამ მიდგომაზე მათ მიერ თანამშრომლების სასარგებლოდ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებაც მეტყველებს. MiMa-ში არ არის ბიუროკრატია, იერარქიები, ჩაკეტილი კაბინეტები. აქ ე.წ. ღია კარის პრინციპი მოქმედებს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს და ხელმძღვანელ პირებს საკუთარი იდეები, მოსაზრება გაუზიარონ. ეს მიდგომები მაღალი დონის კორპორაციულ კულტურას ქმნის.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია და რესურსი, შევცვალოთ საქართველოს რეალობაში არსებული ტიპური დამსაქმებლის სტანდარტი, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მაღალი ემოციური ბმა შევქმნათ, რაც თანამშრომელს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს და უქმნის მოტივაციას, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ინოვაციური იდეები წარმოაჩინოს“, – ამბობს კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინა ტაბიძე.
ალბათ მსგავს მიდგომებზე პირველ რიგში მსოფლიო ტექნოლოგიური კომპანიები – Google-ი, Facaebook-ი და Amazon-ი გაგვახსენდება, რომელთა ოფისებიც ყველა ადამიანის ინტერესს მორგებულია. წლებმა აჩვენა, რომ ფიზიკური გარემო მნიშვნელოვნად მოქმედებს დასაქმებულების მოტივაციაზე. კვლევებიც ადასტურებს, რომ მრავალფეროვანი და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო კომპანიის პროდუქტიულობას 15%-ით ზრდის. სწორედ ამიტომაა, რომ, მაგალითად, Google-ის საოფისე კულტურა უშუალობით გამოირჩევა , არის ფერადი და კომფორტული. ფსიქოლოგების დაკვირვებით, ინოვაციური იდეები სწორედ მსგავს კომპანიებში იბადება. ამ მიდგომებს MiMa-ც იზიარებს, სადაც შექმნილია თითოეულ თანამშრომელზე მორგებული გარემო. აქ შეიძლება იხილოთ დასაქმებულები, რომლებიც შესვენებისას ჭადრაკს ან მაგიდის ფეხბურთს თამაშობენ, ან მუსიკას უსმენენ, რადგან თანამშრომლებისთვის ოფისში ბევრი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეა მოწყობილი. „ჩვენ ვცდილობთ, გავხსნათ ჩვენი თანამშრომლები და მათ მინიმალური ჩარჩოები დავუწესოთ“, – აღნიშნავს თინა ტაბიძე და დასძენს, რომ როდესაც ახალი თანამშრომელი კომპანიას უერთდება, საკუთარი სამუშაო სივრცით დაწყებული, ყველაფერს სწორედ თავისი სურვილებიდან გამომდინარე აწყობს, იქნება ეს მაგიდა, ოთახი, მცენარე თუ სხვა დეტალი.
თუმცა თანამშრომლებზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ გარემო და დამსხვრეული იერარქია არ არის საკმარისი. MiMa ამ კუთხით კიდევ რამდენიმე მიდგომას იზიარებს და ავითარებს: პირველ რიგში, თანამშრომელს მუდმივად აგრძნობინებს, რომ მას მხარს უჭერენ – იქნება ეს ოფისში თუ მის გარეთ. ამ კომპანიაში შინაური ცხოველით მოსვლაც კი შესაძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებისთვის მოწყობილ სათამაშო სივრცეზე, სადაც პანდემიის პერიოდში, როდესაც საბავშვო ბაღები ძირითადად დახურულია, ხშირად დაინახავთ რომელიმე თანამშრომლის მცირეწლოვან შვილს. სწორედ ასეთი თავისუფალი გარემო გახდა იმის საწინდარი, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა უარი თქვა სახლიდან მუშაობაზე და ოფისში დაბრუნება გადაწყვიტა. „პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენს თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა შევთავაზეთ, მიუხედავად იმისა, რომ ოფისში სრულად გვაქვს ყველა კოვიდრეგულაცია დაცული. მათ შეეძლოთ, ნებისმიერი ადგილიდან ემუშავათ, ზღვა იქნებოდა ეს, მთა, აგარაკი თუ თუნდაც კაფე. თუმცა ყველამ უარი თქვა და ოფისში დარჩა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ პროდუქტიულები, საიდან და დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კომპანიისთვის. შედეგია მთავარი“, – აღნიშნა MiMa-ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ამ ორგანიზაციაში თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, გარდა ამისა, MiMa მუდმივად ეძებს ტალანტებს და წვლილი შეაქვს მათ განვითარებაში. შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულია როგორც სფეროს გამოცდილი სპეციალისტები, ასევე დამწყები დეველოპერები, რომელთათვის სპეციალური სასწავლო კურსი Next Generation Training-იც კი შეიქმნა. ამ პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულები MiMa-ს გუნდის წევრები ხდებიან და ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალურ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება მიიღონ.
„ამ პროგრამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ეტაზე ორი ჯგუფი და 14 სტუდენტი გვყავს. სწავლება სამთვიანია, რა დროსაც პროგრამა „პითონს“ ვასწავლით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვყავს სტუდენტი გოგონებიც. გვინდა, რომ ახალი თაობა გავზარდოთ, რომელსაც განსხვავებული და სწორი ღირებულებები ექნება“, – აცხადებს კომპანიის გენდირექტორი.
როგორც ჩანს, MiMa-ს 200-კაციანი გუნდი ერთად აყალიბებს კომპანიას, რომელიც საქართველოში ინოვაციურია არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ კორპორაციული კულტურის კუთხითაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სექტემბრის ბოლოს თანამშრომლების 100% კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება აცრილი, რაც ამ გუნდის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ კომპანია უკვე ყოველმხრივ მზადაა, მომხმარებელს ექსკლუზიურად შექმნილი ინოვაციური პროდუქტები შესთავაზოს, რაც ციფრულ სამყაროში გართობის შესახებ ახალ სიტყვას იტყვის.
დატოვე კომენტარი