აქციონერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

აქციონერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

ინვესტორების უმეტესობა პასიური მაყურებელია საბჭოს სხდომების ბრძოლებში. TUMELO-ს სურს, საქმეში ჩართოს ისინი და ფონდების მენეჯერები იდეოლოგიურ კონფლიქტებს გამოარიდოს.

2017წელს, Cambridge University-ის ბოლო კურსის სტუდენტმა ჯორჯია სტიუარტმა ჩაატარა კამპანია, რათა საუნივერსიტეტო ფონდს თავისი წიაღისეული საწვავის აქციები გაეყიდა. ეს საქმე შორს არ წასულა. „ჩემი იქ ყოფნისას, მათ მოიცილეს ე.წ. კუპრის ქვიშები, – ამბობს ის უკმაყოფილოდ, – ყოველ შემთხვევაში, განაგრძობს სტიუარტი. – მოცილება სულაც არაა საუკეთესო შედეგი. თქვენ უბრალოდ იღებთ აქციონერებს, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ“.

ამ უსიამოვნო გამოცდილებიდან გაჩნდა ბიზნესიდეაც. 27 წლის სტიუარტი ბრისტოლში, ინგლისში ხუთი წლის წინ დაარსებული ფირმა Tumelo-ს აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ინვესტორებს აძლევს პლატფორმას პროქსი-დაპირისპირების დროს თავიანთი შეხედულებების გამოსახატად. „ჩვენ მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება გვსურს“, – ამბობს ის.

57 თანამშრომლითა და $22 მილიონის ვენჩურული კაპიტალით, Tumelo ჯერ კიდევ არაა მოგების მომტანი, მაგრამ ის ამ გზას ადგას. ის იმყოფება ბრძოლის ველზე, სადაც კეთილი საქმის მკეთებლები, რომლებიც ნახშირბადის შემცირებისა და გენდერული თანასწორობის მსგავსი იდეებისთვის იბრძვიან, დგანან იმათ პირისპირ, ვინც ამბობს, რომ კორპორაციებს არ უნდა ჰქონდეთ სხვა მისია, გარდა მოგების მიღებისა.

თეორიულად, Exxon Mobil-ის აქციონერები კომპანიას აკონტროლებენ და შეუძლიათ, ხმა მისცენ ნავთობის ჭაბურღილების მზის პანელებით შეცვლას, თუ ამის სურვილი ექნებათ. აქ ორი პრობლემაა. ერთი, რომ თქვენ, სავარაუდოდ, ფლობთ თქვენს აქციებს ირიბად. თუ თქვენ გაქვთ $100,000 S&P 500-ინდექსის ფონდში, თქვენ გაქვთ Exxon-ის 12 აქცია, მაგრამ თქვენ არ მიიღებთ პროქსის. ეს ფონდის ოპერატორის პრეროგატივაა.

ხმის უფლების მიღების შემთხვევაშიც კი, რას უზამთ მათ? გქონდათ თუ არა მოსაზრება Exxon-ის შარშანდელი შეხვედრის მე-6 წინადადებასთან დაკავშირებით – „შეამცირეთ კომპანიის ემისიები და ნახშირწყალბადების გაყიდვები“? გაქვთ დრო, რომ წაიკითხოთ 500 პროქსი-განცხადება?

Tumelo შემოდის შუამავლად, აგროვებს საკომისიოს ბროკერებისა და ფონდებისგან, რომლებსაც გასაყიდ პუნქტად ხმის მიცემის ფუნქციის შეთავაზება სურთ. საცალო კლიენტი აძლევს Tumelo-ს მხოლოდ წაკითხვის წვდომას საბროკერო ანგარიშზე, შემდეგ კი ირჩევს მენიუში ჩამოთვლილი ცხრა მოქმედების ვარიანტიდან რომელიმეს. აქედან ერთ-ერთი მხარს უჭერს ნახშირბადის საწინააღმდეგო პოზიციას, მეორე – მუშაკთა უფლებებს და ა.შ. ფონდი იღებს ანგარიშს, რომელიც აერთიანებს მისი Tumelo-აქტიური ინვესტორების ყველა პრეფერენციასა და აქციებს. ფონდის მენეჯერს შეუძლია, ისეთი პროქსი-საკონსულტაციო ფირმების დახმარებით, როგორიცაა Glass Lewis-ი, შეიმუშაოს პოლიტიკა თითოეულ წინადადებაზე კენჭისყრის შესაბამისად.

Tumelo-ს ჯერჯერობით აქვს გარკვეული თანხმობა Legal & General-ისგან – $1.6 ტრილიონის აქტივების მენეჯერისგან დიდ ბრიტანეთში; ლონდონის საინვესტიციო ფირმა Cushon-ისგან, რომელიც სტიმულირებას უკეთებს, მისი სიტყვებით, უნახშირბადო პენსიებს; და Fidelity Investments-ის საერთაშორისო ჯგუფისგან. Tumelo იმედოვნებს, რომ მალე განაცხადებს თავისი პირველი ამერიკელი პარტნიორის შესახებ.

ამ მომენტში აქციონერთა ხმის მიცემა სურვილებია და არა რეალობა; როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის უფლება უდავოდ ეკუთვნის ფონდის მენეჯერს. მართლაც, Tumelo-ს ადრეულ დღეებში ხმის მიცემის პროცესი ზედმიწევნით რადიკალური იდეა იყო და ფირმამ მხოლოდ ის შეძლო, რომ დაეხმარა საინვესტიციო ფირმებს, ეცნობებინათ თავიანთი კლიენტებისთვის, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ფონდი პროქსი-კონკურსების დროს. „ჩვენმა მეურვეობამ რომ დაიწყო ხმების მიცემა, [ფულის მენეჯერები] დაგვცინოდნენ“, – ამბობს სტიუარტი. მაგრამ ახლა, მისი თქმით, მსოფლიო აქტიურად მოძრაობს აქციონერთა დემოკრატიის მიმართულებით.

სტიუარტმა ეს ბიზნესი კემბრიჯის ორი თანაჯგუფელის, უილ გუდვინისა და ბენჯამინ კინგის დახმარებით მოიფიქრა. გუდვინი ახლა აშშ-ის ოპერაციების ხელმძღვანელია. კინგმა დაწერა პროგრამული პაკეტის პირველი ნაწილი, რომელიც ახლა 1.6 მილიონამდე კოდის ხაზს მოიცავს, შემდეგ კი, პარაპლანერიზმით გატაცებულმა, ყველაფერი, უბრალოდ, მიატოვა.

ეს იყო იაფი ოპერაცია. პირველ წელს სამეული გუდვინის მშობლების სახლის სარდაფში დაფუძნდა და University of Bath-თან არსებული ბიზნესინკუბატორისგან უფასო რჩევები მიიღო. სტიუარტმა, ვენჩურული კაპიტალის მისაღებად, მუსიკოს პიტერ გებრიელის საინვესტიციო ოფისში მისასვლელად ავტობუსით იმგზავრა.

ბრენდის ძიებისთვის ფულის ნაკლებობის გამო, დამფუძნებლებმა Google Translate-ში ჩაწერეს „რწმენა“ და ჩასკროლეს სხვადასხვა ენა, ეძებდნენ რა სიტყვას, რომლის URL არ იყო აღებული და რომელიც არ ნიშნავდა რაიმე საშინელებას დანარჩენ 133 ენაზე. ასე მიაგნეს სესოტოს – ენას, რომელზეც ძირითადად სამხრეთ აფრიკაში ლაპარაკობენ.

Tumelo კარგ დროს გამოჩნდა. ფულის მენეჯერები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ შესაძლოა, გაოცებულიყვნენ იდეით, რომ კლიენტებისთვის ხმის მიცემის უფლება დაეთმოთ, როგორც ჩანს, დღეს ამას მიესალმებიან. განვიხილოთ ლარი ფინკის მდგომარეობა, რომელიც BlackRockის ხელმძღვანელის ამპლუაში აკონტროლებს სხვა ადამიანების $9 ტრილიონს. მან გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეამცირონ კორპორაციებმა ნახშირბადის გამონაბოლქვი და ხელი შეუწყონ სოციალურ სამართლიანობას. ახლა მას ჰყავს ფულის კაცი ვივეკ რამასვამი, პლუს სახელმწიფო ხაზინადარების ბანდა, რომლებიც ჩივიან, რომ BlackRock-ს არა აქვს საბჭოებში მემარცხენე პოლიტიკური კურსის გატარების უფლება.

გამოსავალი: სთხოვეთ კლიენტებს, რომ გაილაშქრონ. BlackRock-ს აქვს სისტემა, რომელიც ინსტიტუციურ კლიენტებს პროქსი-არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. Vanguard Group-ი აცხადებს, რომ აპირებს ექსპერიმენტების ჩატარებას თავის ფონდებში მცირე ინვესტორებისთვის ხმის უფლების მიცემასთან დაკავშირებით.

პრობლემა არაა, თუ გიგანტი ბროკერები და ფონდების მენეჯერები შექმნიან საკუთარ სისტემებს ინვესტორების სურვილების თვალყურის მისადევნებლად; როგორც კი ისინი გზას გაკვალავენ, პატარა ფირმებს, რომლებსაც ხმის მიცემის ფუნქციის შეთავაზება სურთ, შეეძლებათ მიმართონ Tumelo-ს მზა გადაწყვეტისთვის – და პორტფელის მენეჯერი იდეოლოგიურ ბრძოლებს გამოარიდონ. „Walmart-ში ინვესტირებული ფონდის მენეჯერი არ ელოდა, რომ შარშან მოუწევდათ ხმის მიცემა აბორტთან დაკავშირებით. ამას არაფერი აქვს საერთო საინვესტიციო თეზისთან“, – ამბობს სტიუარტი.

ადვილია იმის დანახვა, თუ სტიუარტისა და მისი თანადამფუძნებლების ხედვით, სად შეიძლება წაიყვანოს ამ დემოკრატიამ კორპორაციული სამყარო, დღეიდან მოყოლებული, იმ დრომდე, როდესაც ისინი თავიანთ საპენსიო ფონდებს გაანაღდებენ. „პენსიაზე გასვლა არ არის მხოლოდ რიცხვი თქვენს საბანკო ანგარიშზე, – ამბობს ის. – რას იტყვით თქვენი ოჯახის დასაქმებაზე, ჰაერზე, რომელსაც სუნთქავთ, თქვენს ჯანმრთელობაზე?“ მაგრამ თუ შემნახველებს სურთ, თავიანთი პროქსი გადასცენ რომელიმე რეიდერს, რომელიც უფრო მსუქან დივიდენდებს ჰპირდება, მუშებზე ან ატმოსფეროზე ფიქრის გარეშე, დაე, ასეც იყოს. „გრეტა [ტუნბერგი] ან ვივეკი [რამასვამი] საუბრობენ თქვენ მაგივრად? – კითხულობს სტიუარტი. – ამჟამად თქვენ ვერ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას“.

 

ფოტოგრაფი: გერინ ბლასკი Forbes-ისთვის

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *