მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უცნობმა პირებმა ნავთობგადამმუშავებელ საწარმოსა და აეროპორტზე დრონით იერიში მიიტანეს, ქვეყნის ხელისუფლებამ კერძო დრონების გამოყენება აკრძალა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, ზემოხსენებული იერიშების შესახებ არაფერი უთქვამს, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ადამიანების მიერ დრონებისა და სხვა მსუბუქი საფრენი აპარატების არასწორი გამოყენებისა და აკრძალულ ტერიტორიებზე მათი გამოჩენის გამო მიიღეს.
ნავთობგადამმუშავებელ საწარმოსა და აბუ-დაბის აეროპორტზე მიტანილ იერიშებზე პასუხისმგებლობა ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფების ისლამისტმა ტერორისტებმა აიღეს, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, ირანი უმაგრებს მხარს. ეს ტერორისტული დაჯგუფება ამჟამად იემენის დიდ ტერიტორიებს აკონტროლებს და არაბული ქვეყნების მიერ შექმნილ კოალიციურ ძალებს ებრძვის.
ჰუსიტების დაჯგუფების წევრებს მცირე ზომის დრონები აქამდეც გამოუყენებიათ, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში, მაგრამ გასულ კვირას მიტანილი იერიშები – განსაკუთრებულია. BBC-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ამგვარი იერიში აღიარეს და თან ისინი ლეტალური შედეგით დამთავრდა – მათ სამი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაიჭრა.
კერძო დრონების გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკუთარი საჰაერო სივრცის უკეთ გაკონტროლების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქვეყანას სურს, არაბეთის ნახევარკუნძულზე მშვიდობის ერთგვარ ბასტიონად წარმოჩნდეს.
დატოვე კომენტარი