"არაბული სამყაროს" ყველაზე კონკურენტული ეკონომიკები

"არაბული სამყაროს" ყველაზე კონკურენტული ეკონომიკები

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა და მსოფლიო ბანკმა “არაბული სამყაროს” ყველაზე კონკურენტული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. 

WEF აღნიშნავს, რომ რეგიონის არაერთი ქვეყანა სწრაფი გზით ვითარდება, თუმცა უმეტესობა კვლავ განაგრძობს ჩამორჩენას. ამასთან, ბოლო ათწლეულის განმავლობაში „არაბული სამყარო“ მნიშვნელოვნად არ განვითარებულა და ის კვლავ ნაკლებად კონკურენტულია, ვიდრე აზია და ევროპა. 

არაბული სამყაროს 10 ყველაზე კონკურენტული ქვეყანა შემდეგია:  

არაბეთის გაერთიანებული საემიროები  – მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ქვეყანა პირველია, “მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსში” არაბეთის გაერთიანებული საემიროები მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით, მისი პოზიცია ერთი საფეხურით გაუარესდა, რასაც WEF სხვა ქვეყნების მკვეთრი დაწინაურებით ხსნის.  

კატარი – გლობალურ რეიტინგში კატარი 25-დან 18-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, თუმცა ის რეგიონში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებამ. 2016 წელს ქვეყნის ვალი მშპ-ს 47%-მდე გაიზარდა, ფისკალური პროფიციტი კი 4%-იანმა დეფიციტმა შეცვალა.  

საუდის არაბეთი – სტაბილური ინსტიტუტები, მსხვილი სამომხმარებლო ბაზარი და განვითარებული ინფრასტრუქტურა – ასე ახასიათებს WEF ქვეყანას, თუმცა აღნიშნავს, რომ შრომითი რეგულაციები ქვეყანაში ყველაზე მეტად უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას. 

ბაჰრეინი – წინა წელთან შედარებით, ქვეყნის სარეიტინგო ქულა არაერთ კრიტერიუმში გაუმჯობესდა, – მათ შორის ტექნოლოგიური და მაკროეკონომიკური კუთხით, თუმცა WEF აღნიშნავს, რომ ქვეყანა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშეა. მათ შორის სახელდება მაღალი დეფიციტი, ბაზრის მცირე მოცულობა და უსაფრთხოება. 

ქუვეითი – მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, მსოფლიო კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2016-2017 წლებში ქვეყანა 20 საფეხურით ჩამოქვეითდა და 52-ე ადგილი დაიკავა. WEF-ის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ მაქსიმალური ყურადღება განათლების რეფორმას და ტექნოლოგურ განვითარებას დაუთმოს.  

ომანი– ქვეყანა გლობალურ რეიტინგში 62-ე პოზიციას იკავებს, რაც წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელია. WEF მიუთითებს, რომ ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს, როგორც განათლების სისტემის, ასევე გადამზადებისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესების კუთხით.  

იორდანია – ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია სირიიდან მიგრანტების დიდმა რაოდენობამ, თუმცა ძირითადი ინსტიტუტების საქმიანობა “სტაბილურად” ფასდება.  

მოროკო – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ქვეყანა 71-ე ადგილზეა, მისი სარეიტინგო ქულა კი წლიურად არ გაუმჯობესებულა. ყველაზე ცუდ შედეგს – მსოფლიოში 120-ე ადგილს მოროკო სამუშაო ძალის ეფექტურობის კრიტერიუმში აჩვენებს. 

ალჟირი – 2012 წლიდან დღემდე კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში ალჟირმა პოზიცია 25 საფეხურით გაიუმჯობესა. WEF მიუთითებს, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტად ფინანსური ბაზრების განვითარებაა საჭირო.  

ტუნისი – “არაბული სამყაროს” ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების ათეულს ტუნისი ასრულებს. მსოფლიოს კონკურენტუნარიანობის ინდექსში კი ქვეყანა 95-ე ადგილზეა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *