მეგაგარიგებები და კერძო ინვესტიციების ტიტანები შესაძლოა ახალ ამბებში დომინირებენ, მაგრამ ARES MANAGEMENT-მა წყნარად დააგროვა $341 მილიარდის აქტივები სტაბილური ანაზღაურების შეთავაზებით, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება საფონდო ბაზარზე.
1986 წელს, New York Yankees-ის 13 წლის გულშემატკივარ მაიკლ არუგეტის ბეისბოლის ბარათებით ვაჭრობის ბიზნესი ჰქონდა. შაბათ-კვირას ის შლიდა დახლებს ნიუ-იორკის გარეუბნებში გამართულ საკოლექციო გამოფენებზე. ის ათასებს გამოიმუშავებდა, მაგრამ ისწავლა, რომ ასობით ბარათის მცირე მოგებით გადაყიდვა უკეთესი სტრატეგია იყო, ვიდრე ჰენკ აარონის იშვიათი ბარათის აკვიატებული დევნა, რომელიც, სავარაუდოდ, ათიათასობით დოლარი კი ღირდა, მაგრამ მისი პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. 2018 წლიდან არუგეტი კრედიტზე ორიენტირებული ალტერნატიული აქტივების ფირმა Ares Managementის აღმასრულებელი დირექტორი ხდება. ის ნელ-ნელა იქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფირმად უოლ-სტრიტზე, მაგრამ მისი უფრო მეტად ცნობილი კერძო ინვესტიციების კოლეგებისგან განსხვავებით, Ares-ი მოგებას ათასობით ერთეულის მუდმივი დიეტით ნახულობს.
ლოს-ანჯელესში დაფუძნებული ფირმა $341 მილიარდის აქტივებამდე გაიზარდა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერადზე მეტი ზრდაა, საკრედიტო ბიზნესში $204 მილიარდით, რომელიც სესხებს მთელ მსოფლიოში, ნაკლებად ცნობილი საშუალო კომპანიებისთვის გასცემდა. მაშინ როცა KKR-ის მსგავსი ფირმები ცნობილი არიან თამამი კაპიტალის ფსონებითა და შეუზღუდავი პოტენციური მოგებით, Ares-ის წინსვლა ძირითადად შემოიფარგლება მის სესხებზე კუპონის პროცენტის გადახდით, რომლებიც მიბმულია LIBOR-ის მსგავს საორიენტაციო განაკვეთებზე. ეს აწყობს მის 2,000 საპენსიო ფონდს, სადაზღვევო კომპანიებსა და სხვა ინსტიტუციურ კლიენტებს.
„ხალხი გრძელვადიანი სარგებლისკენ მიისწრაფვის. ჩვენ შერეული მოგებიანობის მნიშვნელობის ადრეული დამფასებლები ვიყავით”, – ამბობს 50 წლის არუგეტი და ყურადღებას ამახვილებს ბიზნესის ბუმზე, რომელიც აქციების ბაზრების დაცემითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთებითაა გამოწვეული.
Ares-ი გამორჩეულია Forbes Financial All-Stars-ის რეიტინგში, რომელიც წარმოადგენს 50 გლობალურ ფინანსურ კომპანიას შვიდ სექტორში: საბანკო, დაზღვევა, კაპიტალის ბაზრები, სამომხმარებლო ფინანსები, იპოთეკა, ფინტექი და ბიზნესის განვითარება. KBW-ის ანალიტიკოსების აზრით, ამ კომპანიებს აქვთ მაღალ რისკებზე მორგებული ხუთწლიანი უკუგება, ისევე როგორც უამრავი სხვა შთამბეჭდავი მახასიათებელი, მათ შორის, დავალიანება კაპიტალთან მიმართებით და შემოსავლების ზრდა. Ares-ის 316%-იანი ჯამური მოგება ხუთი წლის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრამდე, S&P 500- ის 56%-ის საპირისპიროდ, რეიტინგების სათავეშია (იხილეთ სვეტი მარჯვნივ).
სხვა წარმატებული ალტერნატიული აქტივების მენეჯერების მსგავსად, Ares-ი მილიარდერების ქარხნად იქცა. Forbes-ის შეფასებით, არუგეტი და თანადამფუძნებლები – 59 წლის ბენეტ როზენტალი, და 55-ის დევიდ კაპლანი – ყველანი მილიარდერები არიან. აღმასრულებელი თავმჯდომარე ენტონი რესლერი, NBA-ს Atlanta Hawks-ის უმრავლესობის მფლობელი, ახლა დაახლოებით $6.3 მილიარდს ფლობს.
რესლერმა Ares-ი 1997 წელს, 37 წლისამ დააარსა, როგორც საკრედიტო განშტოება Apollo Global Management-ისა, რომელიც მან ადრე, 1990 წელს, Drexel Burnham Lambert-ის კოლეგებთან ერთად, ლეონ ბლეკის ხელმძღვანელობით წამოიწყო. 1990 წელს მის დაშლამდე, „დრექსელი“, მაიკლ მილკენის მეთაურობით, ორიგინალური გამოშვების უსარგებლო ობლიგაციების ბაზარზე ლიდერობდა. Drexel-ში ყოფნის ხუთი წელი რესლერისთვის იყო გაძლიერებული კურსი საკრედიტო საქმეებში.
„აქტივების ეს კლასი გაიძულებდათ, ყოფილიყავით ანალიტიკოსი, გაიძულებდათ, შეგესწავლათ კომპანიები, რადგან ისტორიულად, საინვესტიციო ბანკინგის უმეტესი ნაწილი მოდიოდა კომპანიების დაფინანსებაზე მაღალი კლასის სამყაროში, რაც არ საჭიროებდა უზარმაზარ ანალიზს, – ამბობს 62 წლის რესლერი. – ეს იყო ჩემი და Ares-ის კარიერის საფუძველი. რისკის გაგება და ფასების დადგენა ფუნდამენტურად არის ის, რასაც ჩვენ საარსებოდ ვაკეთებთ“.
ფირმის დღევანდელმა ინკარნაციამ ჩამოყალიბება მაშინ დაიწყო, როდესაც არუგეტი და Ares Credit Group-ის დღევანდელი ხელმძღვანელი კიპ დევეერი, 2004 წელს თავიანთი კერძო საკრედიტო ბიზნესის ასაშენებლად გამოჩნდნენ. ოცი წლის წინ კერძო კრედიტი უცხო ცნება იყო. ინსტიტუციური ვალის ინვესტორები, როგორც წესი, ყიდულობდნენ საბანკო სესხებს, რომლებიც საინვესტიციო ბანკების მიერ ლიკვიდურ საკრედიტო ფონდებში ერთიანად იფუთებოდა და იყიდებოდა. Ares-მა გააქრო შუამავალი, წავიდა რა პირდაპირ ბიზნესებთან, სესხების თავად ასაღებად.
კაპიტალის ანალიტიკოსების მსგავსად, Ares-ი აფასებს საკუთარ რისკს, ხვდება მენეჯმენტს და ეძებს ზრდის პოტენციალს, მსუყე მარჟებსა და ინვესტირებული კაპიტალის მაღალ სარგებელს. 2021 წელს ის დაეხმარა თომა ბრავოს საფოსტო საცალო ონლაინვაჭრობის Stamps.com-ისთვის $6.6-მილიარდიანი შენაძენის დაფინანსებაში. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლუდის კასრის სალიზინგო კომპანია Microstar Logistics-მა ათეული წლის განმავლობაში Ares-ისგან ასობით მილიონის სესხი აიღო.
Ares-ის ინვესტორების თითქმის ყველა შეთავაზება შეიცავს მცოცავი განაკვეთის ობლიგაციებს, რომლებიც უზრუნველყოფილია უმაღლესი ხარისხით, რაც ნიშნავს, რომ ისინი მსესხებლების აქტივებითაა დაზღვეული. ეს სტაბილურობა დაეხმარა ფირმას, არასტაბილური ბაზრების პირობებში აყვავებულიყო. 2021 წელს მან მოიზიდა $77 მილიარდის მთლიანი ახალი კაპიტალი და კიდევ $45 მილიარდი 2022 წლის პირველ სამ კვარტალში, ხოლო მისი მენეჯმენტის საკომისიო შემოსავალი – 0.35%-დან 1,5%-მდე საკრედიტო ფონდებისთვის – ბოლო სამი წლის განმავლობაში $2 მილიარდამდე გაორმაგდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვალი მისი ძირითადი შემოსავლის წყაროა, Ares-ს აქვს $137 მილიარდი სხვა სეგმენტებშიც, როგორიცაა უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა და კერძო კაპიტალი. ეს მოიცავს $5.4 მილიარდის „განსაკუთრებული შესაძლებლობების“ ფონდს, რომელიც ინვესტირებას რესტრუქტურიზაციებში ახდენს. ფსონები ყოფილ გაკოტრებულ Frontier Communications-სა და Hertz-ზე ფონდს 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 26%-ის ამონაგების მიღებაში დაეხმარა.
Ares-მა შარშან $7.1 მილიარდის მეორე განსაკუთრებული შესაძლებლობების ფონდი მოიზიდა. ფირმას ასევე აქვს $3.7 მილიარდი ინვესტიციებისთვის სპორტში, მედიასა და გართობაში, აღებული ვალების ან უმცირესობის წილებით 19 ასეთ კომპანიაში, მათ შორის NHL-ში, Ottawa Senators-სა და ფორმულა 1-ის გუნდ McLaren Racing-ში. ფირმის გარეთ, როსენტალი ასევე ფლობს მნიშვნელოვან წილს ლოს-ანჯელესის Major League Soccer-ის ერთ-ერთ გუნდში.
„ესაა არაკორელირებული აქტივები. მათ აქვთ დეფიციტის ღირებულება, – ამბობს არუგეტი. – კონტენტის ღირებულება იზრდება და ნამდვილად არ არსებობს იმაზე უფრო უნიკალური დაუგეგმავი კონტენტი, ვიდრე პირდაპირი სპორტული რეპორტაჟებია“.
ფოტოები: გერინ ბლასკი Forbes-ისთვის
დატოვე კომენტარი