რამდენიმე დღის წინ ოქსფორდის ლექსიკონმა 2016 წლის ყველაზე პოპულარული სიტყვა დაასახელა. ამ სიტყვის გამოყენება ერთი წლის მანძილზე 2000%-ით გაიზარდა. Post-truth – წლის სიტყვაა და, ოქსფორდის ლექსიკონის განმარტების მიხედვით, ეს ზედსართავი აღწერს სიტუაციას, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ემოციური ფონი და საკუთარი შეხედულებები უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ფაქტები.
Post-truth – პოსტსიმართლეან სიმართლისშემდგომი – ალბათ ასე შეიძლება ითარგმნოს. ბევრი დასავლელი ექსპერტი და, მათ შორის, ოქსფორდის ლექსიკონის შემდგენლებიც მიმდინარე პერიოდს სწორედ სიმართლისშემდგომი პოლიტიკის ეპოქას უწოდებენ. ეპოქას, რომელშიც სოციალური ქსელების როლი, მნიშვნელობა და გავლენა გაცილებით გაზრდილია ტრადიციული მედიისა და ისტებლიშმენტის მიერ მოწოდებული ფაქტებისადმი უნდობლობის ფონზე.
ერთი წლის წინ მსოფლიოს წამყვანი სარეკლამო კომპანია “სააჩი და სააჩის” ხელმძღვანელმა, კევინ რობერტსმა, თავის ეპოქალურ და სკანდალურ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართვის არსებული მოდელები აღარ ფუნქციონირებს. “მენეჯმენტი მოკვდა. მარკეტინგი მოკვდა. სტრატეგია მოკვდა. ჩვენ გადავედით იდეის ეპოქაში. ეპოქაში, რომელსაც ამერიკელები VUCA-ს (volatility, uncertainty, complexity and ambiguity) უწოდებენ – არასტაბილურ, გაურკვეველ, რთულ და განუჭვრეტელ ეპოქაში”, – დასძინა რობერტსმა.
სიმართლისშემდგომი და VUCA-ს ეპოქის ეპიცენტრში აღმოჩნდა 2016 წელიც – ბრექსიტით დაწყებული, ამერიკის არჩევნების შედეგით დასრულებული. და არამარტო ამერიკის. მოლდოვასა და ბულგარეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც ბევრ დასაფიქრებელ მასალას გვაძლევს. ამ ეტაპზე საქართველო განსხვავებულია საერთო სურათისგან. ჩვენ ეს ეტაპი ან უკვე გავიარეთ, ან მომავალ არჩევნებზე უნდა ველოდოთ სიმართლისშემდგომი ეპოქისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ყველა ის მახასიათებელი, რომლითაც სამი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები გამოირჩეოდა.
სამი ახალი პრეზიდენტი
სამივე ქვეყანაში გამარჯვებულების ძირითადი მეტოქე ქალი იყო – ფართოდ მხარდაჭერილი ისტებლიშმენტისა და მედიისგან. სამივე ქალის პოზიციონირება წააგავდა ერთიმეორეს – ინტელექტუალი, განათლებული და რეფორმატორი. სამივე ქალის გამარჯვებას ამ ქვეყნებში არსებული უკლებლივ ყველა სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია წინასწარმეტყველებდა. სამივე კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ძირითადი მეტოქის გამარჯვების შემთხვევაში არაპროგნოზირებად ცვლილებებსა და შიშის გაღვივებაზე ააგო.
ისინი დამარცხდნენ.
რა ხდებოდა მეორე მხარეს? ტრამპზე ბევრს არ დავწერ. შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული გამოცემა “ჰაფინგტონ პოსტი” ტრამპის კამპანიის დასაწყისში მის შესახებ მხოლოდ რუბრიკა “გართობაში” წერდა.
ბულგარეთში რუმენ რადევმა გაიმარჯვა – დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ავიაციის გადამდგარმა გენერალმა. მოლდოვაში კი სოციალისტმა იგორ დოდონმა. ტრამპიც, დოდონიც და რადევიც პოპულისტური, ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. სამივე კანდიდატი ფუფუნების გადასახადის შემოღებას, ემიგრანტების რაოდენობის შეზღუდვას, წარმოების აღორძინებასა და დასაქმებას შეჰპირდა ამომრჩეველს.
არაფერი ახალი! უბრალოდ ის, რაც აქტუალურია.
სამივეს მედია დაუპირისპირდა – ტრამპს 200, დოდონსა და რადევს მცირედით ნაკლები. სამივე კანდიდატმა ამომრჩეველს “სხვა გზა” შესთავაზა (დოდონის სლოგანი იყო “მოლდოვას სჭირდება სხვა გზა”, რადევის – “ბულგარეთის კეთილდღეობისთვის”, ტრამპის – “Make America Great Again” – ეს სლოგანი პირველად რეიგანმა გამოიყენა 1980 წელს და შემდეგ, 1992 წელს – ბილ კლინტონმა)
მათ გაიმარჯვეს.
რა ვერ გათვალეს დამარცხებულებმა?
სამივე შემთხვევაში ელიტის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ სიმართლისშემდგომ ეპოქაში ზეგავლენის პირამიდის ვერტიკალი თავდაყირა დგება და ელიტების ზემოქმედება მასების გავლენით იცვლება.
ვერ გათვალეს, რომ ელიტებს, მედიას, “მოლაპარაკე თავებს”, აზრის ლიდერებს, ექსპერტებსა და სელებრითებს ამომრჩევლების დიდი ნაწილი მათ წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეებად აღიქვამს, რადგან უფსკრული რიგით მოქალაქესა და ელიტებს შორის დღითიდღე იზრდება. ამიტომაც იყვნენ გაკვირვებულები და დაბნეულები დამარცხებულები და მათთან ერთად ნირწამხდარი დრომოჭმული სქემებისა და სტრატეგიების ავტორები. მათ ვერ გაიგეს, რა მოხდა. მათ ვერ გათვალეს მდუმარე ამომრჩევლის არჩევანი, ამომრჩევლის, რომელიც ვერ ან/და არ ავსებდა სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციების კითხვარებს.
ეს ყველაფერი იქ მოხდა. სამ სხვა ქვეყანაში. ჩვენთან, როგორც უკვე ვთქვი, განსხვავებული სიტუაცია იყო. მაგრამ სიმართლისშემდგომი და VUCA-ს ეპოქის სიო აქაც იგრძნობა.
ზოგიერთმა პარტიამ გადაწყვიტა, რაღაც ახლით მოეხიბლა და შთაეგონებინა ამომრჩეველი, მაგრამ გამორჩათ, რომ VUCA -ს ეპოქაში ახალი უკვე ძველია.
ბურჯანაძის სლოგანმა “უბლოკო სტატუსი”, ჯერ კიდევ 2005 წელს არ გაამართლა მოლდოვაში და მაშინ სწორედ ამ სლოგანით წააგო ამჟამად ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დოდონმა. ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” უკვე 10 წელია, ბელორუსების საყვარელი პრეზიდენტის სათადარიგო სატყუარაა. როცა Батька-ს რეიტინგი გარკვეულ ნიშნულს ჩამოსცილდება, ლუკაშენკოს ამ პროგრამის გარკვეული გზავნილების გაცოცხლება უწევს.
არაფერი ახალი. თუმცა, არც აქტუალური.
რა სურს ამომრჩეველს?
2016 წელს საქართველოში ამ კითხვაზე სწორი პასუხი მხოლოდ სამმა პარტიამ გასცა. დანარჩენები დამარცხდნენ. წაგებულების წინასაარჩევნო დაპირებები და კამპანია არააქტუალური აღმოჩნდა ამომრჩევლისთვის. ზოგს დრო არ ეყო, ზოგს – გამოცდილება, ზოგს – ორივე ერთად და შემოქმედებითი ხედვა ან კვალიფიციური სტრატეგიები.
ბარიერი გადალახეს მათ, ვისი გზავნილებიც აქტუალური იყო; მათ, ვინც საკუთარი იდეებისთვის სწორი რაკურსის მოძებნა შეძლო. მათ, ვინც შეძლო, შთაეგონებინა ამომრჩეველი, შეექმნა მიზიდულობის ცენტრი, მეყსეულად მოეხდინა რეაგირება გამოწვევებზე, გამოეჩინა მოქნილობა შეცდომების გამოსწორებისთვის.
არჩევნები დასრულდა. არჩევნები დაიწყო. შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვებს ის, ვინც შეძლებს, სრულყოფილად ჩართოს პროცესში საკუთარი თუ პოტენციური ამომრჩეველი.
დატოვე კომენტარი