2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო მარათონში ჩაბმულ პარტიებს დაახლოებით 40 მლნ ლარი დაუჯდათ, ეს – დეკლარირებულად. პოლიტიკური მილიონები აუდიტის სამსახურმა პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაითვალა.
პოლიტიკა ძვირად ღირებული საქმიანობაა. პოლიტიკური ელიტა ყველაზე მეტ ფულს სწორედ წინასაარჩევნოდ ხარჯავს. პარტიული აქტივის ხელფასი, რეკლამა, მივლინება – ოფიციალურად პარტიები საარჩევნო კამპანიისას ფულს სწორედ ამ მიმართულებებზე ხარჯავენ, კამპანიის ბოლოს კი ითვლიან, რამდენი მანდატი მოიტანა დახარჯულმა მილიონებმა. აუდიტის სამსახურთან ერთად, ეს ხარჯები Forbes-მაც დაითვალა.
არჩევნების შედეგებით პირველი, ხარჯების ნაწილშიც ლიდერობს. 22 166 004-ლარიანმა საარჩევნო კამპანიამ “ქართულ ოცნებას” 856 000 ხმა ანუ მეცხრე მოწვევის პარლამენტში 115 მანდატი მოუტანა. “ქართული ოცნება” შედეგებით კმაყოფილია.
“ხარჯებმა გაამართლა. ჩვენ გვქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად დავდეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც ჩვენ მიერ იყო პროგნოზირებული. “ქართულმა ოცნებამ” აუდიტის სამსახურში სრულად მოახდინა შემოწირულებებისა და ხარჯების დეკლარირება”, – ამბობს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
საარჩევნო ხარჯით მეორე – პირველი ქართველი მსოფლიო ბანის პოლიტიკური ერთობაა. პაატა ბურჭულაძის ბლოკს “სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო არჩევნები 4 396 452 ლარი დაუჯდა. ეს ის შემთხვევაა, როცა 4 მლნ ლარი ნულ მანდატს უდრის. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ოპერის მომღერლის პოლიტიკურ გუნდს საარჩევნო მარათონიდან სოლიდური ვალი დარჩა. პაატა ბურჭულაძის პარტიაში ახლა სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს, შესაბამისად, გუნდში პარტიულ ხარჯზე საუბარი არ სურთ.
პირველი ოპოზიციური საპარლამენტო არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობას”, ოფიციალური რიცხვებით, 2 524 362 ლარი დაუჯდა, რამაც პარტიას 27 მანდატი მოუტანა. პარტიაში ხაზს იმ ფაქტს უსვამენ, რომ, სხვა პარტიებთან შედარებით, ამომრჩევლების რაოდენობაზე დახარჯული თანხებით “ნაციონალურ მოძრაობას” ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
“ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არ გქონდეს დიდი თანხა, მაგრამ მაინც მოიზიდო ელექტორატი. ჩვენს საბოლოო საარჩევნო შედეგში მთავარი პრობლემა ფინანსური რესურსი არ ყოფილა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ამომრჩევლის მოსასყიდად “შავ ფულს” ხარჯავდა, ამასთან შეჯიბრება არასწორი და შეუძლებელია. საბოლოო შედეგი იმ თანხის ადეკვატურია, რაც ჩვენ დავხარჯეთ”, – ამბობს სერგი კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი “ნაციონალური მოძრაობიდან”.
“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შედეგი ექვსი საპარლამენტო მანდატია. ოფიციალური რიცხვებით ბლოკს 2016 წლის არჩევნები 2 391 046 ლარი დაუჯდა. მანდატის გარეშე დარჩა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი პარტია, მაშინ როცა ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო ხარჯი 1 871 285 ლარია. არჩევნები 554 995 ლარი დაუჯდა “საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” – პარტიული ელიტა მეცხრე მოწვევის პარლამენტში არ იქნება.
პარტიები საარჩევნო კამპანიას ორი წყაროდან აფინანსებენ – ეს შემოწირულებები და ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული თანხებია. აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ ძალებს დეკლარაციების შევსების კუთხით დარღვევა არა აქვთ, ხოლო დაიხარჯა თუ არა საარჩევნო კამპანიისას “შავი ფული”, ამის აღმოჩენის საშუალებებს მონიტორინგის სამსახური მოკლებულია. უწყება მუშაობას შემომწირველების შესწავლის კუთხით აგრძელებს. ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, რომ დარღვევები არც ამ ეტაპზე იკვეთება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დღეს არსებული პარტიული ფინანსების კონტროლის სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში პოლიტიკური სუბიექტების მიერ ფინანსური რესურსების მობილიზების აბსოლუტურ გამჭვირვალობას. ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ არადეკლარირებული და არამიზნობრივი ფულის ხარჯვაც ხდება, თუმცა ამ ხარჯების მიკვლევა ვერ ხერხდება.
“დაფარული წარმომავლობის დაფინანსების მიღება, გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა, ძირითად შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლისთვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ფულის მიცემამ, შესაძლებელია, პარტიისთვის გარკვეულწილად სასურველი შედეგი მოიტანოს, მიღებული ხმების გაზრდის თვალსაზრისით”, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე ერთი ტენდენცია აშკარა ხდება – ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმატების ერთადერთი გარანტი ნამდვილად არ არის: პოლიტიკურმა პარტიებმა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” და “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”-მ ჯამურად მეტი თანხა დახარჯეს წინასაარჩევნოდ, ვიდრე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”-მ ერთად, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული მინიმალური ბარიერის გადალახვა. ამავდროულად, “პატრიოტთა ალიანსს” შემოწირულების სახით დაახლოებით 200,000 ლარით მეტი დაფინანსება ჰქონდა მიღებული, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5-ჯერ მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.
“სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ვერ მოახერხონ ფინანსური რესურსის მობილიზება და გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, ჰიბრიდული ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ, მათ დაფინანსების ყველა რესურსი გადაუკეტონ. დემოკრატიულ და ღია საზოგადოებებში ფულის მარგი ქმედების კოეფიციენტს აქვს თავისი ფარგლები, რომელთა გადაკვეთის შემდეგ მას შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდები აღარ მოაქვს. რა თქმა უნდა, კანონიერად და სამართლებრივ ჩარჩოებში ფულის ხარჯვას ვგულისხმობ”, – ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
დატოვე კომენტარი