მედიაგამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, არჩევნების შედეგების თანახმად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰეზბოლამ“ და მისმა მოკავშირეებმა ლიბანის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგეს. აღნიშნული შედეგები შეიარაღებული დაჯგუფებისთვის უდიდეს დარტყმას წარმოადგენს და ნათლად ასახავს მოსახლეობის უკმაყოფილებას ლიბანის მმართველი ელიტის მიმართ.
შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მოკავშირეებთან ერთად, კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების თანახმად, 128 საპარლამენტო ადგილიდან მხოლოდ 62-ის მოპოვება შეძლო და შესაბამისად, უმრავლესობაც დაკარგა. 2018 წლის არჩევნების შედეგებით „ჰეზბოლა“ და მისი მოკავშირეები საპარლამენტო უმრავლესობას 71 ადგილით წარმოადგენდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის ეკონომიკური კრიზისისა და 2020 წელს პორტის აფეთქების შემდეგ პირველი არჩევნები გახლავთ, რომელშიც რეფორმებზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა ახალწვეულებმა პარლამენტში მოსალოდნელზე მეტი ადგილი მოიპოვეს. ამით კი სისტემაში, რომელშიც წლების განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფები დომინირებდნენ, ერთგვარი გარღვევა მოხდა.
პარლამენტში საკუთარი ადგილები „ჰეზბოლას“ ოპონენტმა, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა პარტიამ, „ქრისტიანულმა ფრაქციამაც“ განიმტკიცა. აღნიშნული პარტიის განცხადებით, მან ლიბანის ყველაზე დიდ ქრისტიანულ პარტიას, „თავისუფალ პატრიოტულ მოძრაობას“ გადაასწრო.
საინტერესოა, რომ არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტი კვლავ რამდენიმე ბანაკად იყოფა, რომელშიც უმრავლესობა არცერთ პარტიას არ გააჩნია. ეს კი კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკური დაძაბულობის რისკებს, რაც დამანგრეველი ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად საჭირო რეფორმების განხორციელებას შეაფერხებს.
დატოვე კომენტარი