57 წლის სტივ კოუდი Peppercom-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამავდროულად სტივი მოყვარული stand-up კომედიანტია და ნიუ-იორკის Comedy Club-ში საკმაოდ ხშირად გამოდის.
„დაახლოებით ხუთი წლის წინ უსასრულო საქმიან სადილზე ვიტანჯებოდი, როდესაც გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ თავისუფალ დროს stand-up კომედიურ ნომრებს ასრულებდა” – იხსენებს ის. დაინტერესებულმა კოუდიმ გადაწყვიტა მოსამზადებელი კურსი გაევლო და სცენაზე გამოსვლა ეცადა. მხიარულება მალე გადაედო მის პროფესიულ საქმიანობასაც, სადაც იგი უფრო ხშირად ხუმრობდა, კლიენტებს მეტი გულისყურით უსმენდა, პრეზენტაციების დროს კი გაცილებით უადვილდებოდა დამსწრეთა ყურადღების მიპყრობა.
კოუდის სურდა, რომ მის თანამშრომლებსაც მიეღოთ ბიზნეს-სარგებელი იუმორისაგან და მათთვის 90 წუთიანი კომედიის სემინარი დანერგა, რომელიც ორ თვეში ერთხელ ტარდება. მისი განცხადებით, ეს ზრდის ადამიანების თავდაჯერებულობას, ეხმარება თანამშრომლებთან ურთიერთობის აწყობაში, ასწავლის აუდიტორიისა და გარემოს გაანალიზების ნიუანსებს და ახალისებს მათ პრეზენტაციებს. გამოცოხლებული და მხიარული კულტურა კოუდის ბიზნესის შენარჩუნებაშიც ეხმარება. „ეს დიფერენცირების საშუალებაა -ამბობს იგი – როდესაც პირობები თანაბარია, კლიენტები იმ ფირმას აირჩევენ, რომელთან მუშაობაც მოსწონთ”.
არიან თუ არა მხიარული ადამიანები ბიზნესში უფრო წარმატებულნი? ადამიანური რესურსების მართვის ძველი სკოლის წარმომადგენლები მაშინვე გიპასუხებენ, რომ იუმორი ოფისში სახიფათოა: ადვილი შესაძლებელია ის შეურაცხმყოფელი ან უადგილო აღმოჩნდეს. თუმცა მეცნიერებიცა და კომპანიებიც იუმორის სარგებელის შესახებ ბევრს საუბრობენ. მახვილსიტყვაობის მოყვარულებს კი შეუძლიათ საკუთარ იუმორის გრძნობაზე უფრო კრიტიკულად დაფიქრდნენ.
„იუმორს სამი ძირითადი შედეგი აქვს: შემეცნებითი, ემოციური და ფიზიოლოგიური” – ამბობს მეცნიერებათა დოქტორი, გამოყენებითი და თერაპიული იუმორის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, სტივენ სულტანოფი. ის განმარტავს, რომ სამუშაო გარემოში იუმორს შეუძლია შექმნას ერთგვარი სურათი არსებული სიტუაციისა, რაც ადამიანებს მის აღქმაში ეხმარება. იმის გამო, რომ ერთდროულად მხოლოდ ერთ ემოციას შევიგრძნობთ, იუმორს განწყობის ამაღლება და სტრესის ჰორმონების ფიზიოლოგიური შემცირება შეუძლია, რაც სიბრაზეს ხუმრობით გამოწვეული მხიარულებით ჩაანაცვლებს.
სულტანოფის განცხადებით, მხიარული ადამიანები უფრო სასიამოვნო პიროვნებებად და უკეთეს თანამშრომლებად აღიქმებიან, ვინაიდან ისინი მართლაც უფრო წარმატებულნი არიან. „როდესაც ადამიანი ხალხის გასაცნობად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად იუმორს იყენებს, მას ისეთი შესაძლებლობები ეძლევა, რომლებიც სხვებს შეიძლება არ ჰქონდეთ.”
კვლევების მიხედვით, წარმატებული იუმორი ზრდის როგორც პირად პროდუქტიულობას, ასევე ჯგუფურ ეფექტიანობასაც. პოზიტიური ფსიქოლოგიის ექსპერტისა და „გამოყენებითი პოზიტიური კვლევის ინსტიტუტის” (Institute for Applied Positive Research) თანადამაარსებლის, მიშელ გიელანის განცხადებით, როდესაც ვიღიმით ან ვიცინით ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ. „სიამოვნების ქიმიკატი” – დოპამინი. ამის შედეგად ტვინში ყველა შემეცნებითი ცენტრი აქტიურდება და მატულობს კრეატიულობა,პროდუქტიულობა და შრომისუნარიანობა.
225 აკადემიური კვლევის მეტა-ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ბედნიერი თანამშრომლების პროდუქტიულობა 31%-ით, ხოლო გაყიდვები – 37%-ით მაღალი იყო. ექიმები, რომლებიც თავიდანვე პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი, სწორ დიაგნოზს 19%-ით უფრო სწრაფად და ზუსტად სვამდნენ, ხოლო ბიზნეს-ჯგუფები პრობლემებს უფრო სწრაფად წყვეტდნენ და კლიენტთა კმაყოფილების უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევდნენ.
„იუმორს შეუძლია ხელი შეუწყოს ნდობის ჩამოყალიბებას, შეამციროს დაძაბულობა და შექმნას ჯგუფური ერთობის შეგრძნება”- ამბობს ნიუ-ჰემპშირის უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული ქცევის პროფესორი ენტონი პესკოსოლიდო. კვლევების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ეფექტური იუმორი წარმოშობს „ფსიქოლოგიური უსაფრთხოების” გრძნობას, რომელიც ადამიანს ემოციების მართვაში ეხმარება და ჯგუფის წევრებს უფრო რთული მიზნების მიღწევის სურვილს უჩენს. იუმორის გამოყენება აუმჯობესებს ყურადღებისა და დამაჯერებლობის ხარისხსაც.
ლიდერს იუმორი იერარქიული სტრუქტურების დანგრევისა და ორგანიზაციაში ყველა ადამიანის გათანაბრების საშუალებას აძლევს.
რასაკვირველია, ყოველივე ზემოთქმული მართებულია კარგი იუმორის შემთხვევაში. სულტანოფის განცხადებით, ეს არის ადამიანებისათვის დადებითი შედეგების მომტანი „ემფატიკური იუმორი,” რომელიც პოზიტიურ მიზნებს ემსახურება და პიროვნების ან სიტუაციის მიმართ აღძრული თანაგრძნობიდან აღმოცენდება. ამის საწინაღმდეგოა „მტრული იუმორი”, რომელიც პროდუქტიულობასა და კეთილდღეობას უთხრის ძირს. ასეთი იუმორის სამიზნე ადამიანთა შეცდომები ან მათი ნაკლოვანი მხარეებია. შესაძლოა ზოგიერთმა ის პასიური აგრესიის გამოსახატად ან დასჯის მიზნით გამოყენოს, რათა საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს – მაგალითად, როდესაც შეხვედრაზე დაგვიანებით მისულს გესმით თქვენი ბოსის სიტყვები: „მან საკუთარ დაბადებაზეც კი დააგვიანა”, ეს ადამიანებს აიძულებს უკან დაიხიონ, გაღიზიანდნენ, იყვნენ ნაკლებად მოტივირებულნი და სხვებს თავი აარიდონ – აღნიშნავს სულტანოფი. ამასთან ერთად იგი თვლის რომ პოტენციურად შეურაცხმყოფელი იუმორი – რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც რასისტული, სექსისტური, ასაკობრივი ან სხვა კულტურების შემლახველი – შესაძლოა თქვენი რეპუტაციისა და პროფესიონალური ურთიერთობებისათვის დამღუპველი აღმოჩნდეს. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ვინმესთვის პირადად შეურაცხმყოფელი არ იქნება, ისინი შესაძლოა თვით ამ საქციელის უწესობამ შეურაცხყოს” – ამბობს იგი.
თუმცა „მცირერისკიან” იუმორში გაწაფულებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ზედმეტი არ მოუვიდეთ. „იუმორზე ზედმეტად დაყრდნობა ხშირად იწვევს განცდას, რომ ესა თუ ის თანამშრომელი არასერიოზულია, მით უმეტეს, თუ მისი იუმორი თვითკრიტიკული ხასიათისაა”- ამბობს პესკოსოლიდო. საყოველთაოდ ცნობილი ხუმარა შესაძლოა ხელის შემშლელად და ჯგუფის მუშაობის შემაფერხებლად ჩაითვალოს.
მიუხედავად რისკისა, ზოგიერთი კომპანია იუმორის სარგებლიანობაზე აკეთებს გათვლას. „იუმორი და თამაში Southwest Airlines-ის, Google-ისა and Ben & Jerry’s-ის კორპორატიული მისიის დოკუმენტშია შეტანილი – ამბობს სულტანოფი – ასეთ ოფიციალურ ჩანაწერს ბევრგან ვერ შეხვდებით, თუმცა, ჩემი აზრით, კომაპნიებმა ამაზე უნდა იფიქრონ”. ის აღნიშნავს, რომ სამსახურიდან დათხოვის მიზეზად არასაკმარისი კომპეტენცია შემთხვევათა მხოლოდ 15%-ში სახელდება, დანარჩენი 85% იმის გამო კარგავს სამსახურს, რომ კოლექტივს ვერ ეწყობა. ეფექტიანად გამოყენებული იუმორი ადამიანებს ურთიერთობაში ეხმარება, ამცირებს თანამშრომელთა გადინების ტემპს და ზრდის პროდუქტიულობას. და ეს ხუმრობა არაა.
მკითხველს: ფიქრობთ, რომ მხიარული ხალხი ბიზნესში უფრო წარმატებულია? ღირს თუ არა იუმორის გამოყენება პროფესიულ გარემოში, მიუხედავად იმ არასწორი გამოვლინებისა, რომლებიც შესაძლოა მას მოჰყვეს?
დატოვე კომენტარი