2021 წლის პირველ ნახევარში ცნობილი იტალიური ტანსაცმლის ბრენდის, Giorgio Armani-ის გაყიდვები 34%-ით გაიზარდა. კომპანია აცხადებდა, რომ პანდემიისაგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრას მიმდინარე წელი სრულად დასჭირდებოდა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, იტალიურ ბრენდს ჩინური და შეერთებული შტატების ბაზარი მნიშვნელოვნად დაეხმარა გაყიდვების ზრდაში.
2020 წლის შედეგებისა და იანვარ-ივნისის ტრენდების განხილვისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯო არმანიმ, განაცხადა, რომ ბრენდის მიზანი 2022 წლისათვის პრეპანდემიურ დონესთან დაბრუნება იქნება. ეს კი 2 მილიარდზე მეტი ევროს პირდაპირ შემოსავლებს გულისხმობს.
კომპანიის განცხადებით, გაყიდვები 2020 წლის პირველ ნახევარში 25%-ით შემცირდა. შესაბამისად, პირდაპირი შემოსავლის რაოდენობამ 1.6 მილიარდი ევროთი დაიკლო. ეს კი პანდემიის გამო დახურული მაღაზიებისა და შეჩერებული საერთაშორისო ტურიზმის გავლენით მოხდა.
Giorgio Armani-ის მმართველი დირექტორის მოადგილის, ჯუზეპე მარსოჩის საკუთარ მოხსენებაში არ აღუნიშნავს გაყიდვებით მიღებული შემოსავლის სრული ღირებულება იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, თუმცა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში არსებული ტრენდი იმაზე კარგ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე მოელოდნენ.
გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 90 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა საოპერაციო ზარალის ოდენობა 29 მილიონი ევრო იყო. Armani-ის წარმატების გეგმაზე სპეკულაციები განსაკუთრებით მას შემდეგ განახლდა, რაც 87 წლის დიზაინერმა კიდევ ერთ იტალიურ ბრენდთან კოლაბორაციის შესაძლებლობაზე ისაუბრა. თუმცა იტალიელ დიზაინერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ტანსაცმლის ბრენდთან აპირებს თანამშრომლობის გაღრმავებას.
დატოვე კომენტარი