ნავთობის პირველი კრიზისის შემდგომ, ნავთობის მაღალ ფასებს მასიური რეცესია მოჰყვა, ხოლო ხალხი ჩაბნელებულ სახლებში იყინებოდა. ემბარგოს შესაჩერებლად ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეიქმნა და ნავთობის მსხვილმა მომწოდებლებმა, ნაწილობრივ საერთო მიზნით, სტრატეგიული რეზერვების შექმნა დაიწყეს.
თუმცა შაჰის რეჟიმის მოწინააღმდეგეები მსგავსი ქმედებებით დაინტერესებულები ნამდვილად არ იყვნენ და არც ირანის რევოლუციიდან წამოსული დესტრუქცია გახდა ამ ყველაფრის შემჩერებელი. სიტუაციის ჩაწყნარების შემდგომ, ნავთობის ინდუსტრია არსებითად შეიცვალა, ხოლო ნავთობის ფასი ბარელზე $44-დან $98-მდე გაიზარდა (2021 წლის დოლარში). ამისდა მიუხედავად, საკმაოდ დატვირთული სამი წლის განმავლობაში, ფიზიკური ბაზარი თითქმის მუდმივად დაბალანსებული იყო. როგორც მონაცემებიც აჩვენებს, OPEC-ის სხვა წევრებმა სწრაფად შეძლეს ბაზარზე მიწოდების დამატება ისე, რომ 1979 წლის აპრილისთვის OPEC-ის მთლიანმა წარმოებამ 1978 წლის ნოემბრის დონეს მიაღწია.
ფაქტობრივად, 1979 წლის მეორე კვარტალის შემდგომ, OECD-ის მარაგების მკვეთრი ჩამოყალიბებისა და ზრდის პროცესში, ნავთობის ფასი სამი მეოთხედით გაიზარდა.
არსებული საქონლის ზრდას როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ინდუსტრიული მიზეზები აქვს. პირველი აიათოლა ხომეინის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფაქტს უკავშირდება, რომელსაც მოჰყვა მუქარა მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სპარსეთის ყურის მონარქებისა და ერაყის სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. 1979 წლის ნოემბერში რადიკალების მიერ მექის დაკავებამ საუდის მთავრობის დამხობის ან სამოქალაქო ომში ჩართვის საშიშროება შექმნა. მსოფლიო ნავთობის მარაგის ძირითად ნაწილზე მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება მარაგების შექმნა იყო.
მიუხედავად OPEC-ის სახელმწიფოების მხრიდან საკუთარ ქვეყნებში ოპერაციების ნაციონალიზაციისა, უმრავლესობა ნავთობის ძირითად ნაწილს კვლავ ძველ მოიჯარეებს მიჰყიდდა. ამ კომპანიებმა არა მხოლოდ ირანული მიწოდება დაკარგეს 1979 წელს, არამედ სხვა ექსპორტიორი ქვეყნებიდან ნავთობის დიდი ნაწილის მიღებაც შეუწყდათ. მაგალითად ლიბიამ, წარმოების ტექნიკური პრობლემების გამო, კონტრაქტები გააუქმა, წარმოებული ნავთობი კი შემდგომში სპოტ-ბაზარზე გაცილებით უფრო მაღალ ფასად გაიყიდა. მიზეზი, ირანული მარაგის დაკარგვის შედეგად, კომპანიებისა და ქვეყნების მიერ ახალ ბარელზე სულ უფრო მაღალი შეთავაზებების გაკეთება იყო.
თუმცა ამან არ იმუშავა მაშინ, როდესაც ქვეყნების უმეტესობამ OPEC-თან შეთანხმებული „ოფიციალური გაყიდვების ფასი“ შეინარჩუნა. ირანის ნავთობის კრიზისის დაწყების შემდგომ, მსოფლიო ნავთობის მხოლოდ მცირე პროცენტი იყიდებოდა სპოტ-ბაზარზე, რაც მონდომებულმა მყიდველებმა სწრაფად აითვისეს. შედეგად, სპოტ-ფასი ოფიციალურ ფასს სწრაფად გასცდა. ექსპორტიორებისთვის, ოფიციალური გაყიდვების ფასად, ნავთობით სავაჭრო კონტრაქტების გაუქმებამ ან არგანახლებამ, შედეგი გამოიღო. მაგალითად, ქუვეითმა თავისი ნავთობის უმეტესი ნაწილი BP-ს, Gulf-სა და Shell-ის მიჰყიდა, მაგრამ შეამცირა მათი მოცულობა 80%-ით და შემდგომ, ახალი მომხმარებლებისთვის გათავისუფლებული ზეთი პრემიუმზე გადაყიდა.
შედეგად კომპანიებს, რომლებმაც მსგავსი გზით ნავთობის მიწოდება დაკარგეს, ახალი მარაგის ძებნა უწევდათ. ასევე ამცირებდნენ მიყიდვებს მესამე მხარისთვის, განსაკუთრებით, იაპონური ნავთობკომპანიებისთვის, რომლებსაც ასევე საკუთარი ახალი მომწოდებლის მოძიება უწევდათ. ნავთობის მომხმარებელი ქვეყნები კი საკუთარ კომპანიებს მომწოდებლის პოვნისთვის ახალისებდნენ.
პრობლემა ნავთობის სიმცირე აღარ იყო, არამედ მიწოდებისადმი უნდობლობა: კომპანიამ აღარ იცოდა, როდის გაუუქმებდა ეროვნული ნავთობკომპანია კონტრაქტს, ნაწილიც მოკლევადიანი კონტრაქტების იმედად რჩებოდა. არსებული გაურკვევლობის გამო მარაგების ღირებულება უფრო გაიზარდა, თუმცა ეს ყველაფერი საბაზრო ბალანსებში არ ჩანს.
SWIFT-იდან რუსული ნავთობკომპანიების გაგდებას შესაძლოა მსგავსი ეფექტი მოჰყვეს. მათ ძალიან მარტივად შეეძლოთ ახალი მყიდველების პოვნა დასავლური ქვეყნებისა და კომპანიების ჩასანაცვლებლად: მხოლოდ ჩინეთი იმაზე მეტი მოცულობის ნავთობის იმპორტს იღებს, ვიდრე რუსეთს ექსპორტზე გააქვს. თუმცა ბარელების ცვლილება კომპლექსურ ტრანზაქციებსა და ახალ ლოგისტიკურ შეთანხმებებს მოიცავს. ნავთობის ბალტიისა და შავი ზღვიდან აზიაში გადატანას კვირებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას და ამასთან ერთად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინელები ახლო აღმოსავლეთის არსებულ ბარელებს ევროპულ გადამმუშავებელ ქარხნებს გადასცემენ.
შეიძლება ნავთობის ფასი სამჯერ გაიზარდოს, როგორც ეს მოხდა 1978 წლიდან 1980 წლამდე? ალბათ არა, რადგან, სავარაუდოდ, სტრატეგიული მარაგები შეავსებს ბევრ ახალ ცარიელ ადგილს ნავთობის ტრანსპორტირების რუკაზე. მაგრამ ნავთობის ბაზრისთვის მომდევნო რამდენიმე კვირა უკიდურესად დაძაბული იქნება.
დატოვე კომენტარი