შეერთებული შტატების ახალ ინიციატივას, რომელიც კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება, წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტები, Amazon-ი, Microsoft-ი და Google-იც შეუერთდნენ.
კიბერუსაფრთხოების ახალი, ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც JCDC (Joint Cyber Defense Collaborative) ეწოდება, რამდენიმე კერძო ორგანიზაციას, ფედერალურ სააგენტოებს, ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას აერთიანებს. თანამშრომლობას უკვე შეუერთდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon, AT&T, Crowdsstrike, FireEye, Mandiant, Google Cloud, Lumen, Microsoft, Palo Alto Networks, Verizon.
კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) განცხადებით, ახალი პროექტი საშუალებას იძლევა უფრო ეფექტურად წარიმართოს ბრძოლა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი მტრის, კიბერშეტევების წინააღმდეგ. JCDC-ის ძირითადი მოვალეობა კიბერუსაფრთხოების დასაცავად ეფექტური ერთიანი გეგმის შემუშავება, კოორდინაცია და კიბერშეტევებზე ინფორმაციის სწრაფი გავრცელება იქნება. JCDC-ის წევრი ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით იმუშავებენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა Ransomware-ით თავდასხმის შემთხვევები. Ransomware-ით თავდასხმა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის საკმაოდ შემოსავლიანია. პროგრამა სისტემას მანამდე ბლოკავს, ვიდრე დაზარალებული ორგანიზაცია გამოსასყიდს არ გადაიხდის და დაშიფრული მონაცემებისთვის დეშიფრატორს არ გამოისყიდის. 2020 წელს კიბერშეტევების 81% ფინანსურად იყო მოტივირებული და კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჯამში 4.4 მილიონი აშშ დოლარის მითვისება მოახერხეს.
დატოვე კომენტარი