ბაიდენის ადმინისტრაცია ე.წ. „შავ სიაში“ დამატებით ათ ჩინურ კომპანიას შეიყვანს. მიზეზად სიანძინში ადამიანთა უფლებების დარღვევა და მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო სისტემის გამოყენება სახელდება.
აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება აშშ-ის ტერიტორიაზე კომპანიების მოღვაწეობის აკრძალვის თაობაზე, ჩინეთის მთავრობის მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგაა მიმართული. მათ გასულ კვირას, ე.წ. „შავ სიაში“ უკვე დაამატეს ხუთი ჩინური კომპანია, რომლებიც ჩინეთის პროვინცია სიანძინში მცხოვრები ეთნიკურად თურქი მუსლიმი უმცირესობის იძულებით სამუშაოებში ჩართვასა და მათი უფლებების დარღვევაში იყვნენ მხილებულნი.
თავის მხრივ, ჩინეთი უარყოფს აშშ-ის ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – აღმოიფხვას სეპარატისტებისა და რელიგიური ექსტრემისტების მცდელობა, ურთიერთობა დაძაბონ მუსლიმ ეთნიკურ ჯგუფ უიღურებსა და ჩინეთის ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფ ხანებს შორის. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთის რესპუბლიკა მიიღებს ყველა ზომას, რათა დაიცვას ჩინური კომპანიების კანონით გათვალისწინებული უფლებები და ინტერესები და არ დაუშვებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩაერიოს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი კვლავ აპირებს უიღურების პრობლემის გამო სიაში დამატებით 14 კომპანიის შეყვანას. გარდა ამისა, აშშ არ გამორიცხავს, რომ ე.წ. „შავ სიაში“ ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნის კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ სიანძინში დასახლებული ეთნიკურად თურქი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, აშშ-ს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები აქამდეც დაუწესებია. 2019 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანიებს, როგორც უიღურების, ასევე სხვა მუსლიმური უმცირესობების წინააღმდეგ, მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო სისტემის გამოყენების გამო ბრალი დასდო. გარდა ამისა, გაეროს ექსპერტებისა და უფლებადამცველების მიერ მრავალგზის გაჟღერდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩინეთი მის ტერიტორიაზე მცხოვრები მილიონზე მეტი მუსლიმი უმცირესობის წარმომადგენლის უფლებას არღვევდა და მათ გამოსასწორებელ ბანაკებშიც კი ამყოფებდა.
დატოვე კომენტარი