ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანაფის ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა – ამგვარად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც კანაფის ფედერალურ დონეზე ლეგალიზაციისაკენ, ასევე მეტად მძიმე ნარკოპოლიტიკის შედეგების აღმოსაფხვრელად. წარმომადგენელთა პალატაში ხმები უმეტესწილად პარტიული მიკუთვნილობის მიხედვით მისცეს: კანონპროექტის სასარგებლოდ 220 ხმა მოგროვდა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 204.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ამ კანონპროექტზე სენატმაც უნდა იმსჯელოს – ამ შემთხვევაში, კენჭისყრის შედეგის პროგნოზირება მეტად რთულია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია ფლობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სენატი ამ კანონპროექტს მიიღებს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, კანაფი ამოღებულ იქნება კონტროლირებადი ნივთიერებების ფედერალური სიიდან, ხოლო კანაფის პროდუქტებზე ფედერალური გადასახადი დაწესდება. ამასთანავე, კანონპროექტი ნასამართლობის დავიწყებაში მიცემისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვის მექანიზმებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტის ოდნავ სახეცვლილი ვერსია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2020 წლის დეკემბერშიც მიიღო, მაგრამ მაშინ, კანონპროექტი სენატში ჩავარდა – არსებობს ვარაუდი, რომ წელს, აშშ-ის სენატი სხვაგვარად გადაწყვეტს. საქმე ისაა, რომ ნოემბერში, აშშ-ის შუალედური არჩევნები გაიმართება, რომლებშიც, როგორც წესი, პრეზიდენტის პარტიის მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლები იმარჯვებენ. ამასთანავე, აშშ-ის 18 შტატში კანაფი ლეგალურად არის გამოცხადებული და მოსალოდნელია, რომ ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც ამერიკელ კანონმდებლებს დამატებით წნეხს უქმნის.
საინტერესოა ისიც, რომ ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას – თვითონ პრეზიდენტიც, როგორც ჩანს, კანაფის რეფორმის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ჯო ბაიდენის ამგვარი პოზიცია უცნაური სულაც არ არის, რადგან ის ძალიან აქტიურად ებრძოდა ნარკოტიკებს 1980-90-იან წლებში, ხოლო 1994 წელს თვითონ დაწერა „ძალადობრივი დანაშაულის კონტროლისა და აღსრულების აქტი“, რომლითაც ფედერალური ნარკოპოლიტიკა რადიკალურად გაამკაცრა. თუმცა, 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ბაიდენმა განაცხადა, რომ კანაფს მეორე კატეგორიის ნარკოტიკების სიაში შეიტანდა, რაც მას დაახასიათებდა, როგორც ნივთიერებას, რომელსაც აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები – ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, პრეზიდენტს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
დატოვე კომენტარი