ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან, 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე. ტრამპის მოთხოვნა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უარყო.
განაჩენი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს კიდევ უფრო აახლოებს უპრეცედენტო სისხლის სამართლის სასამართლო პროცესთან. ტრამპის მტკიცებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ შეიძლება, რადგან ბრალდებები მის, როგორც პრეზიდენტის, ოფიციალურ პასუხისმგებლობას ეხება.
სასამართლოს დადგენილებით კი, ნებისმიერი იმუნიტეტი, რომელიც ტრამპს პრეზიდენტად ყოფნისას სისხლის სამართლის დევნისგან იცავდა, ამ საქმეზე მას არ შეეხება. შედეგად, ტრამპი გახდა რიგითი მოქალაქე, იმავე უფლებებით, რაც სისხლის სამართლის საქმეზე ნებისმიერ სხვა პირს აქვს. ყოფილ პრეზიდენტს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება სულ მცირე 12 თებერვლამდე შეუძლია.
ტრამპის უფლებადამცველების განცხადებით, ყოვლისმომცველი სამართლებრივი დაცვის უფლება, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს ჰქონდათ, იცავს მათ ოფიციალური ქმედებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემისგან, წარმომადგენელთა პალატის იმპიჩმენტის ან სენატის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლების გარეშე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, რესპუბლიკელთა მხარდაჭერა საკმარისი აღმოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებლად.