აშშ-ის სენატმა ქვეყანაში რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს კენჭი უყარა და ერთსულოვნად, წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი კონგრესმა გასული წლის დეკემბერში განიხილა.
ურანი კომერციული მოხმარების ბირთვული რეაქტორების ფუნქციონირებისათვის გამოიყენება, რომლის დანიშნულებაც ელექტროენერგიის წარმოებაა. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის შემთხვევაში, რუსული ურანის აკრძალვა ძალაში კანონის მიღებიდან 90 დღეში შევა. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე ურანის გადამმუშავებელი ინდუსტრიის შესაქმნელად ამერიკელმა კანონმდებლებმა $2.7 მილიარდიც გამოყვეს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე კი ზღვრული ფასები დააწესა.
აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს აშშ-ის ატომურმა ელექტროსადგურებმა ურანის 12% სწორედ რუსეთიდან შემოიტანეს.
კანონს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოესი დღეების განმავლობაში მოაწერს. მისი მიზანი კი რუსეთის ომის მანქანისთვის ფინანსების შემცირებაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის დახმარების კანონპროექტსაც, რომლის თანახმად უკრაინისათვის $61 მილიარდი გამოიყო.