ამერიკის შეერთებული შტატების უძველესი ლუდსახარში, Anchor Brewing-ი, დაარსებიდან 127 წლის შემდეგ წარმოებას წყვეტს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზზე დაყრდნობით, ლუდსახარშმა საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „ეკონომიკური პრობლემებისა და ბოლო წლებში გაყიდვების შემცირების“ მიზეზით მიიღო.
ზოგადად, ლუდსახარშები წარმოების შეწყვეტის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის მზარდ ხარჯსა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას ასახელებენ. ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა Sapporo იყო – იაპონური ლუდის კომპანია, რომელმაც ბრენდი 2017 წელს შეისყიდა. ბოლო პერიოდში თანამშრომლები კომპანიას არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, კრიტიკა დაიმსახურა 2021 წლის რებრენდინგმაც, რომელიც ბრენდის კლასიკური სტილისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
ბიზნესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ლუდსახარშმა წარმოება შეწყვიტა, თუმცა არსებული პროდუქცია ივლისის ბოლომდე გაიყიდება. გასულ თვეში Anchor-მა ეროვნული დისტრიბუციაც შეწყვიტა და გაყიდვები მხოლოდ კალიფორნიაში დაუშვა. ლუდსახარშის განცხადებით, გადაწყვეტილებები ხარჯების შესამცირებლად იქნა მიღებული, თუმცა „საბოლოოდ დანახარჯები კვლავ აჭარბებდა შემოსავლებს, რის გამოც ბიზნესის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.
Anchor-მა წარმოება 1986 წელს სან-ფრანცისკოში დაიწყო და ქვეყნის პირველი craft-ლუდსახარში გახდა. 1965 წელს ლუდსახარში ფრიც მაიტაგმა შეისყიდა და ბიზნესი გაკოტრებისგან იხსნა. Sapporo-ს მფლობელობაში კი Anchor-ის ლუდის წარმოება ყოველწლიურად (2021 წლის გარდა) მცირდებოდა. Anchor-ის წარმოებაში ყველაზე დიდი პოპულარობით Steam Beer-ი სარგებლობდა.