აშშ-მ ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ლიცენზია გაუუქმა

აშშ-მ ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ლიცენზია გაუუქმა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გამო, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ფუნქციონირების ლიცენზია გაუუქმა. China Telecom-ს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სერვისის მიწოდება 60 დღის განმავლობაში შეუჩერდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, კომპანიაზე ჩინეთის მთავრობის ზეგავლენამ მათ საშუალება მისცა, ჰქონოდათ წვდომა და შეენახათ შეერთებული შტატების სატელეკომუნიკაციო ინფორმაცია. ამას კი შეიძლებოდა გამოეწვია შპიონაჟი და სხვა დამაზიანებელი ქმედებები შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

China Telecom-ი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უკვე 20 წელია, ფუნქციონირებს. კომპანია ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია იმ სამიდან ერთ-ერთია, რომლებიც სრულად ითვისებენ ჩინეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარს. China Telecom-ს 110 ქვეყანაში ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს როგორც მობილური ინტერნეტის, ისე სატელეფონო კავშირის მომსახურებას სთავაზობს.

საინტერესოა ისიც, რომ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ერთმანეთს ესაუბრნენ. აღნიშნული საუბარი კი არსებული დაძაბულობის ფონზე იმედის მომცემ თანამშრომლობას ითვალისწინებდა.

ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში გააფრთხილა კომპანია, რომ ფუნქციონირების უფლებას შეუზღუდავდა. მაშინ კომისიამ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობის ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა კომპანიამ მისი მითითებები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შეასრულოს.

საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანომ მსგავსი ეჭვები კიდევ ორი ჩინური კომპანიის, Huawei-სა და ZTE-ის მიმართაც გამოთქვა.

 

ფოტო ჯესიკა როზენვორსელი, აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *