გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ევროპაში გაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, შეერთებული შტატები გაზსადენის გამო დამატებით სანქციებს აღარ დააწესებს.
მხარეთა განცხადებით, Nord Stream 2-ზე პოზიციების დაახლოება რუსეთის მიერ გაზსადენის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენების აღკვეთას ემსახურება. გერმანიისა და შეერთებული შტატების ერთობლივი განცხადების თანახმად, ქვეყნები მხარს დაუჭერენ უკრაინასა და პოლონეთს ალტერნატიული ენერგიის განვითარების პროექტების დაფინანსებაში.
ცნობისათვის, უკრაინა და პოლონეთი რუსული გაზსადენის აშენების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. სახელმწიფოებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ მიაჩნიათ.
სფეროს ექსპერტების აზრით, რუსეთი აღნიშნულ გაზსადენს ევროპაში პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად გამოიყენებს. გარდა ამისა, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ევროპის გაზის მარაგებზე.
საინტერესოა ისიც, რომ გაზსადენს უდიდესი მხარდაჭერა აქვს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, მხრიდანაც. თუმცა, შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მიერ ბუნებრივი რესურსის იარაღად გამოყენების მცდელობის შემთხვევაში, გერმანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ იმოქმედებს მყისიერად და დაიცავს ევროკავშირის ღირებულებებს.
გარდა ამისა, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარებიან ენერგიის ალტერნატიული წყაროების განსავითარებლად. ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებასაც დაჰპირდა.
დატოვე კომენტარი