Lockheed Martin-ის მიერ ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატების არმიამ კომპანიასთან 390 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი ახალი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, ჯაველინის წარმოებას ეხება, რომლის ეფექტიანობაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომშიც არაერთხელ დამტკიცდა.
შეგახსენებთ, რომ ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას Lockheed Martin-ი და Raytheon Technologies-ი ერთობლივად აწარმოებენ. ჯაველინებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას დედაქალაქისაკენ მიმავალი რუსულ ტანკებზე თავდასასხმელად აქტიურად იყენებდნენ.
პენტაგონის ინფორმაციით, ამ დრომდე უკრაინაში ჯაველინის 5,500-მდე რაკეტაა გაგზავნილი. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად კი, მათი დახმარებით 1,000-ზე მეტი რუსული ტანკის განეიტრალება მოხერხდა.
სამხედრო კონტრაქტორის ინფორმაციით, აშშ-ს მიერ კომპანიისათვის მინიჭებული ახალი კონტრაქტები უკრაინისათვის განკუთვნილ 1,300 რაკეტას და საერთაშორისო მომხმარებლების, ნორვეგიის, ალბანეთის, ლატვიისა და ტაილანდის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, Lockheed Martin-ის განცხადებით, კომპანია ჯაველინების წარმოების ტემპის გაზრდაზეც მუშაობს. მათი მიზანი ყოველწლიურად 2,100-მდე რაკეტის წარმოებაა.
დატოვე კომენტარი