ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აქამდე უპრეცედენტო, $1-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა. 1 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები, შეიარაღება, ამუნიცია, სამხედრო ტრანსპორტი თუ სხვა აღჭურვილობა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ უკრაინის სამხედრო ძალებისათვის გადაცემული ყველაზე დიდი დახმარებაა.
საინტერესოა, რომ აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცება ანალიტიკოსების გაფრთხილებას მოჰყვა. კერძოდ, რუსული სამხედრო ძალების სამხრეთით, უკრაინული პორტებისაკენ დაძვრის შესახებ ცნობებს. ახალი პაკეტი HIMARS-ისათვის დამატებითი რაკეტების, საარტილერიო ჭურვების, ჯაველინების, ნაღმტყორცნების, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ამუნიციისა თუ პერსონალური აღჭურვილობის გადაცემას ითვალისწინებს.
მოგეხსენებათ, ამერიკულმა HIMARS-ებმა უკრაინაში ომის მიმდინარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რუსული სამხედრო შენაერთების საბრძოლო მუხტი დააგდო და უპირატესობა უკრაინელების მხარეს გადაიტანა. ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო მეთაურები, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები და დამოუკიდებელი ექსპერტები საუბრობენ. ფაქტობრივად, ამ საარტილერიო სისტემის წყალობით, უკრაინელებს კონტრშეტევების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, აღნიშნული დახმარების პაკეტი თავად HIMARS-ის საარტილერიო სისტემების დამატებით გადაცემას არ ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ უკრაინას 16 ერთეული HIMARS-ი გადასცა. თუმცა, სრული დომინირებისათვის ამაზე ბევრად მეტია საჭირო.
საერთო ჯამში, აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა 9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, წინა დახმარების პაკეტებისაგან განსხვავებით, ამ უკანასკნელის მიწოდება უფრო მალე იქნება შესაძლებელი. განსხვავება ის არის, რომ ორშაბათს დამტკიცებული სამხედრო დახმარების პაკეტით აშშ შეიარაღებას პირდაპირ თავდაცვის დეპარტამენტის ბალანსიდან მოხსნის და უკრაინაში გაგზავნის.
დატოვე კომენტარი