აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბირთვული სინთეზის გზით ენერგიის მიღების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ დეტალები საზოგადოებას გააცნო.
დეპარტამენტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, ლაზერების გამოყენებით თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგიის მიღება შეძლეს. ცნობისთვის, ამას ენერგეტიკულ ეკონომიკაში ენერგიის წმინდა მოგებას (NEG) უწოდებენ.
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევა“, – განაცხადა ჯენიფერ გრანჰოლმმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მკვლევარები ამაზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა წარმატებას გასულ კვირას, 5 დეკემბერს მიაღწიეს. მათ თერმობირთვული სინთეზის პროცესში 192 მაღალენერგეტიკული ლაზერი დაახლოებით პილპილის მარცვლის ზომის სამიზნისკენ მიმართეს. ლაზერების დახმარებით დეიტერიუმისა და ტრიტიუმის კაფსულები სამ მილიონ გრადუს ცელსიუსამდე გააცხელეს და ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესის სიმულაცია შეძლეს.
მოკლე პერიოდში, რომელიც წამის 100 ტრილიონედზე ნაკლებს გაგრძელდა, 2.05 მეგაჯოული ენერგიის დახარჯვის წყალობით, მეცნიერებმა დაახლოებით 3 მეგაჯოული ენერგიის მიღება შეძლეს.
თერმობირთვული სინთეზის გზით, თეორიულად, იმ რაოდენობის მდგრადი ენერგია უნდა გამოიყოს, რომელიც კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს. კლიმატის კრიზისთან ბრძოლის კუთხით სარგებლის გარდა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოს ღარიბი ნაწილის იაფი ელექტროენერგიით მომარაგებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ბირთვული სინთეზის გზით მიღებული ენერგიის კომერციული გამოყენებისგან ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს.
დატოვე კომენტარი
Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.