აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, სანქცირებული რუსების $30 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინეს. უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით, ქვეყნები რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას კვლავ განაგრძობენ.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, რუსი ოლიგარქებისა და ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ შექმნილი ჯგუფის, REPO-ის მიერ, რუსეთის ცენტრალურ ბანკში $300-მილიარდიანი მიმოქცევაც დაიბლოკა. ცნობისთვის, REPO აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, კანადისა და ევროკომისიის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოკავშირეების ერთობლივი ქმედებით გაყინული მილიარდები არ მოიცავს სანქცირებული რუსებისთვის ჩამორთმეულ პირად საკუთრებებს, მათ შორის ძვირად ღირებულ უძრავ ქონებასა და მდიდრულ იახტებს.
სანქციები რუსეთს ისეთი ტექნოლოგიისა და საქონლის შეძენისთვის შეუქმნის დაბრკოლებებს, რომლებიც ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე ომში შეტევის გაძლიერებაში დაეხმარება. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ხარჯს კიდევ უფრო გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოლიგარქებისა და ელიტის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჯგუფი REPO უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში, ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლისთვის შეიქმნა. ეკონომიკური სანქციები ასობით რუს ოლიგარქს, თანამდებობის პირს, კომპანიასა და რამდენიმე ათეულ მილიარდერს შეეხო. მიმდინარე კვირას რუსეთმა, საგარეო ვალის დეფოლტი გამოაცხადა.
დატოვე კომენტარი