ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს და ჩინეთში მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაგზავნის, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება სიმბოლური უფროა, ვიდრე პრაქტიკული, რადგან ჩინეთში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეგულაციების გამო, ამერიკელი დიპლომატების ჩასვლის ალბათობა ისედაც დაბალი იყო. საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-მა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ამერიკელი პოლიტიკოსების მოწვევას სულაც არ აპირებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების კომენტირებისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ აშშ-მ ოლიმპიადას ბოიკოტი მანამ გამოუცხადა, სანამ მოსაწვევს მიიღებდა, რითაც 1.4 მილიარდი ჩინელი შეურაცხყო.
ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას ავტრალია და კანადაც გეგმავენ.
დატოვე კომენტარი