ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 2021 წელს CD-ის გაყიდვები 21%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 584 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს არის CD-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის პირველი წლიური ზრდა აშშ-ში 2004 წლის შემდეგ.
ამასთან ერთად, მატებას განაგრძობს ვინილის ფირფიტების გაყიდვებიც. ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მუსიკის აღნიშნული ფორმატით გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი 1986 წელს დაფიქსირდა. RIAA-ს ცნობით, მუსიკის ფიზიკური ფორმატით გაყიდვებმა გასულ წელს საერთო ჯამში 1,66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
გასულ წელს კლების ტენდენცია მუსიკალური ჩანაწერის ერთადერთი ფორმატით გაყიდვებმა აჩვენა. საუბარია ციფრულ ჩამოტვირთვებზე, რომლის შემთხვევაშიც გაყიდვები 12%-ით შემცირდა და აქედან მიღებულმა შემოსავალმა 587 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ალბათ გასაკვირი არ არის, რომ იზრდება სტრიმინგიდან მიღებული შემოსავალი. გასულ წელს მუსიკალური სტრიმინგ-პლატფორმების შემოსავალმა 2020 წელთან შედარებით 23.8%-იანი ზრდა აჩვენა და 12.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი