აშშ-ში COVID-პროგრამებიდან სავარაუდოდ $200 მილიარდზე მეტია მოპარული

აშშ-ში COVID-პროგრამებიდან სავარაუდოდ $200 მილიარდზე მეტია მოპარული

ფედერალური „ვოჩდოგის“ ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებიდან, სავარაუდოდ, $200 მილიარდზე მეტია მოპარული. დამკვირვებლის ვარაუდით, შტატების მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ (SBA) თანხების გაცემასთან დაკავშირებით კონტროლი მნიშვნელოვნად შეასუსტა.

SBA-ის გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ფონდებიდან, რომლებიც პანდემიის გავლენების შესამცირებლად მთავრობის მხარდაჭერილ Economic Injury Disaster Loan (EIDL)-ისა და Paycheck Protection Program-ის (PPP) სქემებს უკავშირდება, სულ მცირე 17% პოტენციურად თაღლითურ სუბიექტებს გადაეცა. ცნობისთვის, პანდემიის განმავლობაში მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ EIDL-ისა და PPP-ის ფონდებისთვის დაახლოებით $1.2 ტრილიონი გამოყო.

SBA-ის განცხადებით, სააგენტოს ექსპერტების მიერ შეფასებული პოტენციური თაღლითობა მხოლოდ $36 მილიარდს უტოლდება და მისი 86% 2020 წელს, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის პერიოდს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა თანამდებობა 2021 წლის იანვარში დაიკავა. თუმცა გენერალური ინსპექტორის შეფასებით, ზარალი ბევრად უფრო მაღალია და სავარაუდო თაღლითობიდან $136 მილიარდზე მეტი EIDL-ის, ხოლო დაახლოებით $64 მილიარდი PPP-ის პროგრამას უკავშირდება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის დახმარების პროგრამების თაღლითობასთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე საქმე უკვე აღძრულია. 2021 წლის მაისში გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ინიციატივით, პანდემიასთან დაკავშირებული თაღლითობების გამოსავლენად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.