აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში შობადობის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
CDC-ის ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში შობადობა 4%-ით შემცირდა. ცნობისთვის, 15-დან 24-წლამდე დედების შობადობის დონე 6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება შობადობის დონეს 45 წლის ზემოთ ქალებში, ის არ შეცვლილა. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით 3.6 მილიონი ბავშვი დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ქალთა ნაყოფიერების მაჩვენებელიც შემცირდა 4%-ით, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. არსებობს ვარაუდი, რომ შობადობისა და ნაყოფიერების ყველაზე დაბალი ნიშნული ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიასთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებისთანავე არსებობდა სპეკულაციები შობადობის ზრდასთან დაკავშირებით, ფაქტები საპირისპიროს მოწმობს. „ბავშვთა ბუმის“ იდეის განხორციელება შეუძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის უმეტესობამ შვილების გაჩენა გადადეს მანამდე, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.
ცნობისთვის, აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც შობადობამ იკლო. მრავალ განვითარებულ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლები შემცირებულია. ცხადია, გვაქვს გამონაკლისებიც – ინდონეზია პანდემიის დასრულებისთანავე „ბავშვთა ბუმისთვის“ ემზადება.
დატოვე კომენტარი