ბიზნესის ლობის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანთან იარაღის ერთობლივად წარმოების გეგმას განიხილავს. ეს ინიციატივა ჩინეთისგან მომავალი საფრთხისგან ტაივანის დაცვას გააძლიერებს და ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების პროცესის დაჩქარებას გამოიწვევს.
აშშ-ტაივანის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტის, რუპერტ ჰემონდ-ჩემბერსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე განსაზღვრული არაა, თუ რა ტიპის იარაღების წარმოებას გეგმავენ ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით. თუმცა გეგმა, სავარაუდოდ, ტაივანისთვის სამხედრო მარაგის გაზრდასა და სარაკეტო ტექნოლოგიით უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ჩემბერსის განცხადებით, მსგავსი გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელია, იარაღის მწარმოებლებმა სახელმწიფოსა და თავდაცვის დეპარტამენტებისგან ერთობლივი წარმოების ლიცენზიები მოიპოვონ.
Nikkei-ის ანგარიში იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას ორ შესაძლებლობას უკავშირებს, ესენია: აშშ-ის მიერ ტაივანის იარაღის წარმოების ტექნოლოგიით უზრუნველყოფა, ანდაც ტაივანის ნაწილების გამოყენებით თავად აშშ-ში იარაღის წარმოება. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია, აშშ-ის მხარემ კი განაცხადა, რომ შტატები ტაივანის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და იარაღის სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად ახალ შესაძლებლობებს მუდმივად განიხილავს.
ცნობისთვის, მიწოდების ჯაჭვსა და რეზერვში არსებულმა პრობლემებმა, რომლებიც, უკრაინის ომიდან გამომდინარე, სისტემათა ნაწილზე გაზრდილი მოთხოვნითაა გამწვავებული, ტაივანისთვის იარაღის გადაცემის პროცესში შეფერხებები გამოიწვია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა 2017 წლის შემდგომ ტაივანს $20 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი მიჰყიდეს. აშშ-ის მხრიდან ტაივანისთვის მისაყიდი იარაღის რაოდენობის გაზრდა დემოკრატიულად მართულ კუნძულზე ჩინეთის სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
დატოვე კომენტარი