ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. დახმარების ახალ პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და წვრთნებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები შედის. ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Reuters-მა გაავრცელა.
ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში, უკრაინა აშშ-ისგან 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცის სამხედრო აღჭურვილობას, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალას და სატელიტური გადაღებისთვის დაფინანსებას მიიღებს. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, პაკეტში შედის დაფინანსებაც სხვადასხვა სახის პრაქტიკული მომზადებისთვის.
სამხედრო დახმარების უახლეს პაკეტს „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა“ (USAI) უზრუნველყოფს. USAI აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადმინისტრაციას შეიარაღების ინდუსტრიიდან შესყიდვის საშუალებას აძლევს და აშშ-ის მარაგებიდან იარაღიც გაცემაც აღარ ხდება. ცნობისთვის, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ინფორმაცია პირველად Associated Press-მა გაავრცელა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შტატების ახალი დახმარების შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კონგრესსა და თეთრ სახლში დეფოლტის თავიდან აცილების გზებზე ცხარე დებატები მიმდინარეობს. რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი ვალის ლიმიტის მოხსნის სანაცვლოდ, საშინაო ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვს. მიუხედავად ამისა, უკრაინის დახმარებას მხარს, როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები მტკიცედ უჭერენ.