ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის თანახმად, აშშ უკრაინას დამატებით 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-სა და Washington Post-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. აღნიშნული მედია სააგენტოების ინფორმაციით, აშშ-ს ჯერ ზუსტად არ განუსაზღვრავს, რა სახის სამხედრო დახმარებას მიაწვდის უკრაინას.
თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია შორ მანძილზე მოქმედ საარტილერიო სისტემებზე, ჰაუბიცებზე, სანაპირო დაცვისათვის განკუთვნილ თავდაცვით დრონებსა და შესაძლო ბიოლოგიური, ქიმიური ან ბირთვული იარაღით თავდასხმის შემთხვევაში გამოყენებად აღჭურვილობაზე.
NBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტის მთავარი მიზანი უფრო დიდი საბრძოლო მოქმედებების გამკლავება იქნება. განსაკუთრებით კი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული სამხედრო შენაერთების აღმოსავლეთ უკრაინაში მობილიზების ფონზე.
როგორც ჩანს, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ოფიციალურმა პენტაგონმა Forbes-ისათვის კომენტარის მიცემისაგან თავი შეიკავა.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შესვლიდან დღემდე აშშ-მ უკრაინას 1.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. პენტაგონის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჯარი უკრაინაში საომრად არცერთ ქვეყანას არ გაუგზავნია, უკრაინელებს სამხედრო დახმარება 30-მდე სახელმწიფომ გაუწია.
დატოვე კომენტარი